გიორგი ვაშაძე: ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში

საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცა საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ხმა მისცა „საქართველოს მომავალს, აღმშენებლობას და იმას, რომ ბევრი ცვლილება გვინდა“.

„დღეს უნდა იყოს შემობრუნების წერტილი საქართველოს განვითარების და ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“, - განაცხადა ვაშაძემ. მან ამომრჩევლებს სთხოვა, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, რადგან, მისი თქმით, დღევანდელი დღე განსაზღვრავს ქვეყნის განვითარებას შემდგომ ათწლეულებში.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი.