დავით ბაქრაძე: ხმა მივეცი ცვლილებებს

პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ხვალიდან შეცვლილ და უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ.

საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ ბაქრაძემ მედიას უთხრა, რომ ხმა მისცა ცვლილებებს, რადგან საქართველოს სჭირდება ცვლილებები, წინსვლა და უკეთესობა.

დავით ბაქრაძის თქმით, ამომრჩევლები დილიდანვე აქტიურობენ და იმედია, ასე გაგრძელდება, რადგან "ყველას ესმის, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი მათი ცხოვრების მომავალი ოთხი წლისთვის".

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი არჩევნების შედეგებზე პროგნოზს არ აკეთებს, თუმცა, ამბობს, რომ ოპტიმისტური მოლოდინი აქვს. დავით ბაქრაძემ არარეალისტური უწოდა ბიძინა ივანიშვილის პროგნოზს, რომ „ქართული ოცნება“ ხმების 50-60%-ს მიიღებს.

საქართველოს ხმის უფლების მქონე მოქალაქეები მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევენ. 150 დეპუტატიდან 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

არჩევნებში მონაწილეობს 48 პარტია და 2 ბლოკი.