უკრაინის მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის წევრი, პარლამენტარი ელიზავეტა იასკო, აცხადებს, რომ საქართველომ ბოლო მომენტში უთხრა უარი ქვეყანაში შესვლაზე 30-კაციან დეპუტატთა ჯგუფს, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით დამკვირვებლების სტატუსით აპირებდა საქართველოში ჩასვლას 30 ოქტომბერს.
„დღეს საღამოს საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღებაზე. ასეთი გადაწყვეტილება წუხილს იწვევს, ვინაიდან საარჩევნო პროცედურის გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ამ გამჭვირვალობას და, როგორც შედეგს, არჩევნებისადმი ნდობას, მათ შორის, დამკვირვებლებიც უზრუნველყოფენ“, - უთხრა იასკომ „ევროპეისკაია პრავდას“.
უკრაინელმა დეპუტატმა დასძინა, რომ უკრაინა ითანამშრომლებს დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ როგორი კონფიგურაცია ექნება მომავალ უმრავლესობას და რა გვარისა იქნება პრემიერ-მინისტრი.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი იმაზე, თუ რა გახდა უკრაინელ დამკვირვებელთა შეშვებაზე ბოლო მომენტში უარის თქმის მიზეზი.