თბილისის შემოსასვლელში გზა გადაკეტა ულტრანაციონალისტურმა პარტიამ „ქართულმა მარშმა“. მათ შეაჩერეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, რომლებიც 18:00 საათზე დაგეგმილ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრებისკენ მიემართებოდნენ.
„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი შიხიაშვილი ამბობს, რომ „ამ გზაზე ვერ გაივლის „ნაციონალური მოძრაობა“ და ვერ ჩაატარებს ტაშ-ფანდურს“. შიხიაშვილი ენმ-ს უწოდებს დამნაშავე ძალას.
ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო, ყოფილი მმართველი პარტია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. მალევე ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. 2014-2016 წლებში შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის უფროსი იყო.
2020 წლის ივლისში ირაკლი შიხიაშვილი პარტია „ქართული მარშის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა.