საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებისთვის პასუხისმგებელი პირის მოვალეობის შემსრულებელს, კრისტოფენ ანდერსონს ესაუბრა ხშირად დასმულ შეკითხვებზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების, ამერიკის პოზიციისა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გავლენის შესახებ.
დეგნანის თქმით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ შემოიფარგლება მხოლოდ არჩევნების დღით, ესაა პროცესი, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სარწმუნო.
„თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არის ადგილი ამომრჩეველთა დაშინებისთვის, ხმების ყიდვისთვის, ან ხალხის იძულებისთვის, ფოტოზე გადაიღონ საკუთარი ბიულეტენი,“ განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ „თავისუფალი არჩევნები ნიშნავს: ერთი ადამიანი - ერთი ხმა. დაუშვებელია საარჩევნო ურნებში ხმების მასობრივი ჩაყრა, მრავალჯერ კენჭისყრა, გასამარჯვებლად მოტყუება“.
აშშ-ის ელჩის თქმით, „ქართველებმა დაიმსახურეს, რომ წელს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მისცენ ხმა.“
შეკითხვაზე, თუ როგორ ისურვებდა, რომ ჩატარდეს საქართველოს საპარლამენტო არჩევნები, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ მისი სურვილია, კანდიდატებმა ახსნან, როგორ უპასუხებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა, მაგალითად, სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკის ზრდის სტიმულირება.
„ვისურვებდი, დასრულდეს პიროვნებებზე ორიენტირებული პოლიტიკა, რაც ქართული საზოგადოების ასე პოლარიზებას იწვევს და გზას უხსნის რუსეთს და სხვა მტრულ აქტორებს, ხელი შეუწყონ დაპირისპირებას და ქვეყანაში დაბნეულობა დათესონ. ვისურვებდი წყნარ, მშვიდობიან ატმოსფეროს არჩევნებზე და მის შემდეგ დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ შეძლოს ხმის მიცემა. და ძალიან ვისურვებდი ამომრჩეველთა მაღალ აქტივობას ამ შაბათს,“ განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
მისი ინტერვიუს სრული ვიდეო საელჩოს ფეისბუკის გვერდზეა გამოქვეყნებული.