თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები, თეონა თამაზაშვილი და ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებული და გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართეს და ირაკლი შოთაძესთან შეხვედრა მოითხოვეს. ოჯახი და ადვოკატები საქმის მუხლის გადაკვალიფიცირებას და გამოძიებისგან თვითმკვლელობის ნაცვლად საქმის მკვლელობის მუხლით გამოძიებას ითხოვენ.

"თამარის მიერ შეძენილი მედიკამენტები და ავტომობილში აღმოჩენილი მედიკამენტები არ ემთხვევა ერთმანეთს, არცერთ კითხვაზე პასუხი არ აქვთ, საქმეს ვერ იძიებენ და უნდა ჩართონ უცხოელი ექსპერტები. ისევ და ისევ ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას", - თქვა გენერალურ პროკურატურასთან გარდაცვლილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა.

საქმეში დაცვის მხარედ ჩართულმა ორგანიზაციამ, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა", 26 ოქტომბერს გამოაქვეყნა მოკლე ანგარიში, რომელიც საქმეში არსებულ პრობლემურ საკითხებს ეხება. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქმეში 7 სექტემბრიდან ჩაერთო, თვლის, რომ საქართველოს პროკურატურა, ცხედრის აღმოჩენის დღიდან (2020 წ. 22 ივლისი), მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებრივი აზრი, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ნაცვლად იმისა, რომ მომხდარიყო საქმის ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება და საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული კითხვებისთვის პასუხის გაცემა.

პრობლემური საკითხები, რომელზეც "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ყურადღებას ამახვილებს ბაჩალიაშვილის საქმეში:

  • უცნობია, გამომძიებლები გაუჩინარების შესახებ ცნობის მიღების შემდეგ, ბაჩალიაშვილის ადგილსამყოფელს რატომ არ ეძებდნენ მისი მობილური ტელეფონის მეშვეობით, რასაც პოლიციის თანამშრომლები, ჩვეულებრივ, მობილური ტელეფონის დაკარგვის შემთხვევაშიც კი აკეთებენ. გამოძიების ვერსიით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტელეფონი გამორთული და გაფუჭებული აღმოჩნდა. მათივე მტკიცებით, შესაძლოა, ტელეფონი გვამურ სითხეს დაეზიანებინა, მაგრამ მსგავსი სითხე ტელეფონზე შეუძლებელია სიკვდილის დადგომისთანავე აღმოჩენილიყო.
  • დღემდე გამოძიების მხრიდან პასუხი არ გასცემია კითხვას, თუ როგორ აღმოჩნდა დახურულ მანქანაში უამრავი მკვდარი ბუზი.
  • სახელმწიფომ დღემდე ვერ მოიპოვა სატელიტური თანამგზავრის ფოტოები, რითაც დადასტურდებოდა ის ფაქტი, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მისი გაუჩინარების დღიდან ოთხი დღის განმავლობაში იდგა იმ ტერიტორიაზე, სანამ იგი არ იპოვეს.
  • გამოძიებას ამ დრომდე დამატებით არ დაუკითხავს მოწმის სახით ჟურნალისტი ელისო კილაძე, რომელიც საჯარო განცხადებებით უთითებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებზე. მათ შორის, ვილა „ალგეთთან“ დაკავშირებით და სოფელ გოლთეთში 20-22 ივლისის ღამეს შუქის ჩაქრობის თაობაზე.
  • გამოძიებამ არ შეისწავლა და არ ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის უფლებამონაცვლის ინტერესების დამცველების მიერ ნაპოვნ ალტერნატიულ გზაზე, რომელიც სოფელ გოლთეთსა და ვილა „ალგეთს“ ერთმანეთთან აკავშირებს.
  • გამოძიება არ დაინტერესდა არც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაზე აღმოჩენილი ჰორიზონტალური ნაკაწრებით, რომლებიც შესაძლებელია, ამ გზაზე მანქანის გადაადგილების შედეგი იყოს.
  • ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ ქალის ვინაობა, ვისზეც შედგენილია ფოტორობოტი და ვინც თამარ ბაჩალიაშვილის დაკრძალვამდე მივიდა პანაშვიდზე და გარდაცვლილის ცხედარს და მის დედას გაურკვევლად უხდიდა ბოდიშს.​
  • შემთხვევის დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების პროკურატურისეული ვერსია, არ ემთხვევა საქმეში არსებული არაერთი მოწმის ჩვენებას.
  • მოქმედ საკალმახე „ადმირალში“ დამონტაჟებული ვიდეოკამერების კაბელი გადაჭრილია, ხოლო ჩანაწერები საერთოდ არ აღმოჩნდა.
  • ამ დრომდე არ არის დადგენილი იმ პირის ვინაობა, ვისაც ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ამოღებულ პირბადეზე არსებული დნმ.
  • ვერ დადგინდა, ვის ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილის მარცხენა ფეხსაცმელზე, მანქანის უკანა ორივე ხალიჩასა და ტელეფონზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები. ორ პირბადეზე აღმოჩენილი სისხლის წვეთები დადგინდა, რომ ეკუთვნის თამარ ბაჩალიაშვილს. გამოძიება ვერც იმ ფაქტს ხსნის, რა ვითარებაში, რატომ აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი სისხლი ერთდროულად ორ პირბადეზე.
  • 4 სხვადასხვა სახის მედიკამენტიდან, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილმა გაუჩინარების წინა დღეს - 17 ივლისს შეიძინა, 2 მათგანი არ აღმოჩნდა არც მის სისხლსა და არც მის ნივთებში.
  • რატომ არ შეისწავლა გამოძიებამ ის 10-წუთიანი მონაკვეთი, როცა თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს, სახლიდან გამოსვლის შემდგომ, მიდის თავისი ნათესავის - რიტა ზურაბაშვილის ბინაში.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა, 22 ივლისს კი ის საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. ოჯახი გამოძიებას საწყისი ეტაპიდანვე უნდობლობას უცხადებს და ითხოვს ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართვას და სატელიტიდან მიღებული სურათების დართვას საქმისთვის იმის გასარკვევად, სად იმყოფებოდა გარდაცვლილის მანქანა მისი სამძებრო ღონისძიებების განმავლობაში. სატელიტური ფოტოების გაყალბების ფაქტზე დაკავებულია დავით ფურცხვანიძე, ​რომელმაც ოჯახის ადვოკატებს მტკიცებულებად გადასცა ფოტომონტაჟით შესრულებული გრაფიკული გამოსახულებები.