კელი დეგნანი: თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება

კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ ქართველები იმსახურებენ, ხმა თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში მისცენ. იგი 31 ოქტომბრის არჩევნებში ამომრჩევლის მაღალ აქტიურობას ისურვებდა:

„თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სცილდება მხოლოდ არჩევნების დღეს, თუმცა, რა თქმა უნდა, ის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გულისხმობს პროცესებს, რომელიც უნდა იყოს უსაფრთხო, ინკლუზიური და სანდო. ხალხმა ის ლეგიტიმურად უნდა მიიჩნიოს. სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში არ არსებობს ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ხალხის იძულება, რომ ფოტო გადაუღონ საარჩევნო ბიულეტენს, ან სამსახურიდან გათავისუფლების მუქარა, რომ ხმა მისცენ ერთ პარტიას, ან დაწინაურების პირობა, რომ ხმა მისცენ სხვა პარტიას. თავისუფალი არჩევნები ნიშნავს, რომ ერთი ადამიანი უდრის ერთ ხმას, ეს არ ნიშნავს ბიულეტენების ჩაყრას, არც მრავალჯერადი ხმის მიცემას, არც გაყალბებას გამარჯვებისთვის“,- განაცხადა კელი დეგნანმა აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელ კრისტოფერ ანდერსონთან საუბრისას.

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ხალხი არჩევნებში მაღალ სტანდარტებს დაიცავს და გამოხატა სურვილი, არჩევნებზე ნახოს კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას გაამახვილებენ ამომრჩევლების პრიორიტეტების შესრულებაზე. კელი დეგნანმა ისაუბრა ასევე ინდივიდების პოლიტიკის დასრულების საკითხზე:

„ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის რუსეთსა და სხვა არაკეთილსინდისიერ აქტორებს, რომ დათესონ დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა და მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, - განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა. მისი თქმით, ამ არჩევნებში შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ფავორიტი კანდიდატი და პარტია და ითანამშრომლებს ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც ლეგიტიმურად აირჩევს ქართველი ხალხი.

„ჩვენი ყურადღება გამახვილებულია სამართლიან პროცესზე და არა შედეგზე“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.