საარჩევნო სუბიექტის „ლელო - მამუკა ხაზარაძის“ წარმომადგენლის, საარჩევნო სიის მეორე ნომრის, საბურთალოს საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის ბადრი ჯაფარიძის თქმით, მისი და მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლა ქვეყანაში არსებულმა უმძიმესმა მდგომარეობამ განაპირობა. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დასმულ კითხვაზე, გადაწყვეტდნენ თუ არა ისინი პოლიტიკურ საქმიანობას, ანაკლიის პროექტი რომ განხორციელებულიყო, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ კი, რადგან ქვეყანა უპასუხისმგებლოდ და მავნებლურად იმართება:
„ადრე ჩვენ პოლიტიკაში არ ვიყავით იმის გამო, რომ ჩვენ ვფიქრობდით და ვაშენებდით იმას, რაც ქვეყანას სჭირდებოდა, ინსტიტუციებს, რომლებმაც ქვეყანას სახელი გაუთქვეს საზღვარგარეთ და შეუქმნეს იმის რეპუტაცია, რომ საქართველოში ინვესტიციები შესაძლებელია განხორციელდეს. რაც შეეხება იმას, რომ არ შეჩერებულიყო ანაკლიის პროექტი, რომ ყველაფერი კარგად ყოფილიყო, ანუ ქვეყანა რომ მართულიყო გამართულად პასუხისმგებლიანი პროფესიონალი პოლიტიკოსების მიერ და ყველაფერი ყოფილიყო გამართული, ალბათ შესაძლებელია არ გვეფიქრა პოლიტიკაში შემოსვლა. დავინახეთ, რომ ქვეყანა დაგვენგრა და აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უკვე დამკვირვებლები ვეღარ ვიქნებოდით, თორემ ქვეყნის მართვა რომ ყოფილიყო საუკეთესო დასავლური სტანდარტებით, რა თქმა უნდა, პირდაპირ გეტყვით, გავაგრძელებდი იმ საქმის კეთებას, რასაც ვაკეთებდი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ „დილის საუბრებში“. მისი თქმით, მისი პოლიტიკაში მოსვლის ამოცანაა, ქვეყანა განვითარების გზაზე დადგეს და დასავლური სტანდარტებით იმართებოდეს.
საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტს, რადგან კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი ამას უარყოფს და საქართველოს მთავრობას ბრალს სდებს სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში.