უნგრეთმა „ნონსენსი“ უწოდა უკრაინის მიერ ორი უნგრელი მოხელისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას

პეტერ სიიარტო

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, „ნონსენსი და საცოდაობა“ უწოდა უკრაინის გადაწყვეტილებას, თავის ქვეყანაში შესვლა აუკრძალოს ორ უნგრელ მოხელეს, უკრაინის ადგილობრივ არჩევნებში ჩარევის გამო.


ფეისბუკით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სიიარტო აცხადებს, რომ ბუდაპეშტს ამ აკრძალვის შესახებ უკრაინისგან ჯერჯერობით არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება.


26 ოქტომბერს უკრაინამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა უნგრეთის ორ მაღალჩინოსანს, რომლებიც ადგილობრივი არჩევნების წინ კარპატისპირეთში კომპაქტურად მცხოვრები უნგრელების აგიტაციას ეწეოდნენ.

25 ოქტომბერს კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა უკრაინის საარჩევნო პროცესში ბუდაპეშტის ჩარევის შესახებ და უნგრეთი უკრაინის კანონმდებლობის უპატივცემულობაში დაადანაშაულა.


უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ნაბიჯს უწოდა „არამეგობრული ქმედება“ უკრაინის მხრიდან.

„ამით უკრაინა გვიგზავნის სიგნალს, რომ ის უარს ამბობს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმართულ თავის ძალისხმევაში უნგრეთის დახმარებაზე“, - განაცხადა პეტერ სიიარტომ.

უკრაინული მედიის თანახმად, უკრაინაში 25 ოქტომბერს გამართული რეგიონული არჩევნების წინ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოუწოდა კარპატისპირეთში მცხოვრებ უნგრელებს, რათა ქალაქ ბერეგოვის მერის არჩევნებში მხარი დაეჭირათ მოქმედი მერისა და უნგრეთის დიასპორის ლიდერ ზოლტან ბაბიაკისთვის.