ხათუნა ზახაშვილი: მხოლოდ ნიღაბი COVID-19-ის შეკავებისთვის საკმარისი არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ პირბადე ადამიანებს კორონავირუსის გადადებისგან ვერ იცავს და რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებაა აუცილებელი. მისი თქმით, როცა პირბადე არასწორად არის მორგებული, არაეფექტურია.

"გვახსოვდეს, რომ მხოლოდ პირბადე ან მხოლოდ ერთი საშუალების გამოყენება, სამწუხაროდ, ამ ვირუსის შეკავებისთვის საკმარისი არ არის... ამას უნდა ახლდეს სწორად რისკის შეფასება, სად იმყოფებით, სწორად ნიღბის ტარება, დისტანციის დაცვა და გარემოს ვენტილაცია", - თქვა ზახაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ყველაზე ეფექტური საყოფაცხოვრებო ნიღბებს შორის სამედიცინო, სამშრიანი ნიღბებია.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 32 127 შემთხვევა.