შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ "საქართველოს ბანკის" თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუას დასაკავებლად ოპერაცია შესაძლოა ერთი თვეც გაგრძელდეს. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" საუბრის დროს თქვა.
"ერთი კვირა კი არა, შეიძლება ერთი თვე ვსდიოთ - ან მეტი, ან ნაკლები, ეგ პრობლემა არ არის არანაირი... თქვენი ტელევიზია თუ გვაცდის, ნამდვილად დავაკავებთ", - ამბობს მინისტრი.
გუშინ, 26 ოქტომბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ თქვა, რომ 21 ოქტომბერს "საქართველოს ბანკს" თავს ბადრი ესებუა დაესხა თავს. მანვე აღნიშნა, რომ ესებუა იმალებოდა და მისი ძებნის სამუშაოები მიმდინარეობდა.
ხელისუფლებამდე ადრე, 25 ოქტომბერს, "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო სწორედ ბადრი ესებუა.
კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.