შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ოფიციალურად დაასახელა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ვინაობა.
„პოლიციის მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე, იდენტიფიცირებული პირია: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა. მის ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, პოლიცია სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურად განაგრძობს", - განაცხადა ბორცვაძემ ბრიფინგზე.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.
ბორცვაძემ ბრიფინგი მედიის შესახებ საუბრით დაიწყო. მისი თქმით, „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა".
„მთავარმა არხმა" 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო, სწორედ, ბადრი ესებუა.
კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.
მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.