ცესკომ თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციის ვადა 4 საათით გაახანგრძლივა

ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს თვითიზოლაციაში მყოფი პირების რეგისტრაციას აგრძელებს. მხოლოდ ამ გზით ექნებათ მათ 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

გადასატან ყუთზე რეგისტრაცია დღეს, 26 ოქტომბერს საღამოს, 22:00 საათზე უნდა დასრულებულიყო. თუმცა ცხელი ხაზის საშუალებით განაცხადის გაკეთება ხვალ, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

დღევანდელი მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 27 736 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 608 პირი, აჭარაში - 10 910, იმერეთში - 4 105. ესაა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აღრიცხული მონაცემები, თუმცა არიან მოქალაქეები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, თუმცა ინფორმაცია არ მიაწოდეს უწყებას.

იმისათვის, რომ კენჭისყრის დღეს, 31 ოქტომბერს, გადასატანი საარჩევნო ყუთებით სარგებლობა შეძლონ, ისინი ტელეფონით უნდა დაუკავშირდნენ ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრს ნომერზე 251-00-51 (0).

ასეთი მომსახურებით ვერ ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც ამა თუ იმ რისკფაქტორის გამო, პრევენციის მიზნით, თავად გადაწყვიტეს 12-დღით სახლში დარჩენა. გადასატანი ყუთებით სარგებლობისთვის პირი აუცილებლად უნდა იყოს სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმში და, შესაბამისად - ოფიციალურად უნდა იყოს აღრიცხული.

ამის შემდეგ, ცესკო მათ მონაცემებს გადაამოწმებს სახელმწიფო სტრუქტურებისგან მიღებულ სიებში და შესაბამისობის შემთხვევაში, ამომრჩევლები გადასატანი ყუთებისთვის შექმნილ სპეციალურ სიაში მოხვდებიან.

ცენტრალური საარჩევნო კომისია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს იაქტიურონ, დარეკონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება.