წინასწარი მონაცემებით, უკრაინის პრეზიდენტის პარტია ადგილობრივ არჩევნებში მარცხდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მისი პარტია „ხალხის მსახური“ მარცხდება ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ეს ეგზიტპოლის მონაცემებიდან ჩანს. ზელენსკის პრორუსი და პროდასავლელი მეტოქეები წინ არიან დედაქალაქ კიევში და ასევე დიდი ქალაქების უმეტესობაში.

ზელენსკის პარტია დამარცხდა ცხრა დიდი ქალაქიდან შვიდში, მათ შორის, კიევში, რომელშიც ქალაქის მერია ვიტალი კლიჩკო, თავისი „უკრაინის დემოკრატიული ალიანსით“.

ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართა უკრაინაში და ის მიიჩნევა ისტორიულად, რადგან პირველია ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ. ახალი კანონით მოხდა კიევის ძალაუფლების დეცენტრალიზება და მისი გადაცემა ადგილობრივი მთავრობებისთვის. თუ შედეგები შენარჩუნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა ზელენსკისთვის, რომელმაც წელიწად-ნახევრის წინ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნებში და რომლის პოპულარობა მცირდება.

„ეს იქნება კატასტროფა პარტიისთვის, რომელმაც ქვეყნის პარლამენტში ადგილების 56 პროცენტი მოიგო ერთი წლის წინ. ეს მართლაც საშინელებაა და ძირს უთხრის მის პოზიციას რადაში“, - ამბობს ალექს კოკჩაროვი, საფრთხეების ანალიტიკოსი.

უკრაინელები ირჩევენ საოლქო და რაიონული საბჭოების დეპუტატებს, ქალაქების მერებს და, ასევე, ვერხოვნა რადის დეპუტატს ჩერნიგოვის ოლქიდან. უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს მე-8 და მე-9 მოწვევის დეპუტატი აღნიშნული ოლქიდან, ვალერი დავიდენკო, 2020 წლის 23 მაისს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით მოკლული იპოვეს კიევში მდებარე თავის ოფისში.