ამირან გამყრელიძე: ომში ვართ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონაპანდემიის მართვაში სამედიცინო მიმართულების სტუდენტების ჩართვასთან დაკავშირებით საუბრისას, პანდემია მეორე მსოფლიო ომს შეადარა და აღნიშნა, რომ მაშინაც მეოთხეკურსელ სტუდენტებს ომში გზავნიდნენ.

„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ომში ვართ, მე ისტორია ძალიან კარგად მაქვს ნასწავლი თავის დროზე, მოგეხსენებათ, მეოთხე კურსის სტუდენტები მიჰყავდათ მეორე მსოფლიო ომში, როცა მათ უკვე ძირითადი გავლილი ჰქონდათ. პანდემია ომზე ნაკლები არ გახლავთ. ამიტომ, როდესაც საჭიროა, უნდა მოხდეს სრული მობილიზება, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის, მათ შორის - სტუდენტების“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი სიტყვებით, მაღალი კურსის სტუდენტები მარტივად შეძლებენ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემას, ადამიანების დარიგებას და რეკომენდაციის მიცემას. ამირან გამყრელიძის სიტყვებით, სწრაფი გადამზადების პირობებში სტუდენტები ექიმების ასისტენტებად თავისუფლად იმუშავებენ, მით უფრო, რომ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების გარკვეული მაჩვენებელი არსებობს.

„[სამედიცინო პერსონალის ინფიცირება ]ეს ბუნებრივია, ეს ყველას ჰქონდა და ჩვენც გვექნება.. რომც დაიცვა ინფექციის კონტროლის ყველა წესი, ინფიცირების გარკვეული პროცენტი მაინც იქნება. სანამ ამ დიდ ზრდაში შევიდოდით, გვქონდა 13% ინფიცირების მაჩვენებელი. ექიმი არა, სამედიცინო პერსონალზე ვსაუბრობ - ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. დღეს პროცენტმა ჩამოიწია, იმიტომ, რომ ინფექციის რაოდენობა დიდი გვაქვს, თუ არ ვცდები, ბოლო მონაცემებით იყო 5-დან 6 პროცენტამდე, მაგრამ აბსოლუტური რაოდენობა, რა თქმა უნდა, მეტია, რამდენიმე ასეულია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები სწრაფი კურსის ფარგლებში გადამზადდებიან, რათა შეიქმნას სამედიცინო პერსონალის რეზერვი საჭიროების შემთხვევაში კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში ჩასართავად, ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა 26 ოქტომბერს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1872 პირი დაინფიცირდა და სულ აღრიცხულია 30 303 შემთხვევა. ამავე პერიოდში განიკურნა 603 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 11 370. დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 215 ადამიანი.