სალომე ასათიანის პოდკასტი
Your browser doesn’t support HTML5
„ჩვენ მათი ხმები გვესმის რადიოს სიხშირეებზე, როცა უმცირესობებს ლანძღავენ და მათზე ჩივიან. ვუყურებთ როგორ აწყობენ იმიგრანტთა საწინააღმდეგო დემონსტრაციებს საზღვართან. ვკითხულობთ მათ მოსაზრებებს იმაზე, თუ როგორ მოიშალა უწინდელი წესრიგი და მამაკაცის როლი საზოგადოებაში. ზოგჯერ მათი აგრესია ტრაგიკულ, ძალადობრივ ფორმებს იღებს. ესენი ამერიკის გაბრაზებული თეთრკანიანი კაცებია. მაგრამ რა არის მათი სიბრაზის მიზეზი?“
ასეთი ანოტაცია ერთვის თან ამერიკელი ვეტერანი სოციოლოგის, მაიკლ კიმელის წიგნს სათაურით „გაბრაზებული თეთრკანიანი კაცები: ამერიკული მასკულინობა ეპოქის მიწურულს“. მაიკლ კიმელი გენდერის საკითხებში დასავლეთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტიანი ანალიტიკოსია და უკვე ათწლეულებია სწავლობს კაცების პრობლემატიკას და მასკულინობას, როგორც კულტურულ ფენომენს. გაბრაზებულ თეთრკანიან კაცებზე მისი წიგნი 2013 წელს გამოქვეყნდა, თუმცა მან ახალი, გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა სამ წელიწადში, 2016 წელს შეიძინა, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპი აირჩიეს. „კიმელი არის სოციოლოგი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერთა ერთ-ერთი ცენტრალური ჯგუფი თავად ტრამპის პოლიტიკაში გამოჩენამდე შეისწავლა“ - წერს მის შესახებ გაზეთი „გარდიანი“. 2017 წელს ეს წიგნი ხელახალი რედაქციით გამოიცა და მას შემდეგ მაიკლ კიმელს ხშირად უწევს მის შესახებ საუბარი.
მაიკლ კიმელი „ასათიანის კუთხის“ ამ ეპიზოდის სტუმარია. შეერთებულ შტატებში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მასთან ერთად ვუბრუნდებით იმ კითხვებს, რომლებსაც ანალიტიკოსები ბოლო ოთხი წელიწადია გამუდმებით სვამენ - რამ გამოიწვია ის გარემოება, რომ დონალდ ტრამპის ამომრჩევლის ერთ-ერთ ცენტრალურ ჯგუფად ამერიკის თეთრკანიანი მუშათა კლასი იქცა? მაინც რა იყო ის ფაქტორები ტრამპისეულ რიტორიკაში, რომლებმაც ამ სოციალური კლასის კაცები მოხიბლა და მიიზიდა?
„ამერიკელი კაცები თაობიდან თაობაში ამბობდნენ ხოლმე, ვმუშაობ ფერმაში, სადაც მამაჩემი, ბაბუაჩემი, ჩემი დიდი ბაბუა მუშაობდნენო; სამსახური მაქვს ქარხანაში, ან მაღაროში, სადაც მამაჩემიც მუშაობდაო. კაცებს სწამდათ ამერიკული დაპირება, თუ ოცნება - რომ თუ მუყაითად მუშაობ, გადასახადებს იხდი, ხარ კარგი მოქალაქე, კარგი მამა და ასე შემდეგ, შენი მამის, ან ბაბუის მსგავსად შენც შეგეძლება ოჯახის რჩენა, საკუთარი სახლის ყიდვა - შენ თვითონ, საკუთარი სახსრებით. ეს იყო ის შეთანხმება, რომლისაც ამერიკელ კაცებს სწამდათ, ათწლეულების, თაობების განმავლობაში. დღეს კი ვითარება შეიცვალა, კაცების ჯამაგირები, ხელფასები შემცირდა, სამუშაო ადგილები დაიკარგა“ -გვეუბნება მაიკლ კიმელი და განაგრძობს:„ეს ‘გაბრაზებული თეთრკანიანი კაცები’, ჩემი წიგნი ვისზეც არის, თვლიან, რომ ამერიკამ მათთან თავისი პირობა გატეხა. ეს იწვევს მათ სიბრაზეს. ამერიკამ პირობა არ შეასრულა, და, ჩემი აზრით, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ მოიყარა ამ სოციალური კლასების ბევრმა წარმომადგენელმა თავი 2016 წელს დონალდ ტრამპის გარშემო. მან ამ კაცებს უთხრა - ამერიკამ დაგაღალატათ, მაგრამ ამ პირობას მე შევასრულებ. ამერიკას მე კვლავ დიადს გავხდიო“.
დღეს ბევრგან შეგხვდებათ მოსაზრება, რომ დონალდ ტრამპთან ამ სოციალური კლასის კაცებისკავშირი იმდენადვეა ემოციური, რამდენადაც პოლიტიკური. ტრამპი, რომელიც თავად რადიკალურად განსხვავებული სოციალური რეალობიდანაა, მილიარდერი ბიზნესმენია - ისეთი ინტონაციით, რიტორიკით, ლექსიკით თუ პირდაპირობით ეხება ამ კაცებისთვის მტკივნეულ და მნიშვნელოვან კულტურულ საკითხებს, როგორიც მის გამოჩენამდე წარმოუდგენელი იყო. რომ, მაგალითად, ცნებები „თეთრკანიანი კაცების პრივილეგია“, „სტრუქტურული რასიზმი“ და „სტრუქტურული სექსიზმი“ დასაცინია, რომ შექმნილი მულტიკულტურული და ლიბერალური წესრიგის რეალური მსხვერპლნი მუშათა კლასი, ქრისტიანები და ტრამპის მხარდამჭერები არიან, რომ იმიგრანტებს და ლტოლვილებს შეერთებულ შტატებში ჩასვლა ადვილად არ უნდა შეეძლოთ. ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რეალურად, ამბობს მაიკლ კიმელი, პრივილეგიებს მოკლებული სოციალური კლასის სიბრაზის მთავარი წყარო ეკონომიკური საკითხები, გაჭირვება და პოლიტიკური ელიტების მიერ მათი ტკივილის უგულებელყოფაა. „მუშათა კლასს“, როგორც ასეთს, განსაკუთრებულად არც ქსენოფობია მოსდგამს, არც რასიზმი და არც ქალთმოძულეობა. ამგვარ განწყობებს დიდწილად აძლიერებს თეთრკანიან და უმცირესობების წარმომადგენელ კაცებს შორის მზარდი კონკურენცია უფრო და უფრო არასტაბილური, დაბალხელფასიანი სამუშაო ადგილებისთვის; და ზოგადი „ხელმოცარულობის“ განცდის ტკივილი, რომელიც საჯარო ასპარეზზე შავკანიანებისთვის, ლგბტ ადამიანებისთვის, ქალებისთვის მათი აღქმით„უსამართლო პრივილეგიების“ მინიჭების შესახებ სიბრაზის ფორმით გამოდის.
ასათიანის კუთხე
Your browser doesn’t support HTML5
ეპიზოდის მეორე ნაწილში მაიკლ კიმელი თანამედროვე მასკულინობის გარშემო უფრო ზოგად თემებზეც გვიყვება. გვესაუბრება „მასკულინობის კრიზისის“ ცნებაზე - რომლის განხილვასაც დღეს ბევრგან შეხვდებით, იმ თვისებრივ ცვლილებაზე, რომელმაც გენდერული იდენტობა წარმოების სივრციდან მოხმარების მატერიალურ სივრცეში გადაიტანა -„დღეს ჩვენი უმეტესობისთვის ჩვენივე იდენტობის განცდა დაუკავშირდა მოხმარებას - რა ბრენდების სამოსი გვაცვია, რომელ ლუდს ვსვამთ, რა მანქანებს ვატარებთ. შესაბამისად, გენდერი ბევრად უფრო პერფორმატიული გახდა - ის, თუ რა გვაცვია, როგორ ვმოძრაობთ, როგორ დავდივართ, როგორ გამოიყურება ჩვენი სხეულები, მნიშვნელოვნად დაუკავშირდა ჩვენი ‘კაცურობის’ და ‘ქალურობის’ ხარისხს“.
ეპიზოდის ბოლო ნაწილში მაიკლ კიმელთან ერთად კიდევ ერთ, მნიშვნელოვან და მძიმე პრობლემას ვეხებით - მასკულინობის ექსტრემალურ, ექსტრემისტულ და ძალადობრივ გამოვლინებებს, ე.წ. „სიძულვილის ჯგუფებში“ გაერთიანებულ კაცებს, ნეონაცისტებს, გაცხადებულ რასისტებს, მოძალადე ქმრებს. და მასთან ერთად ვცდილობთ იმ ისტორიული, ეკონომიკური, ფსიქოლოგიური თუ კულტურული ფაქტორების გაგებას, რომლებმაც ამგვარი კაცები წარმოშვა.