- ის ინფორმაცია, რაზეც თქვენ გაქვთ წვდომა, თქვენთვის ახლო ადამიანისთვის გადაგიციათ?
- კი.
- გიყვართ ზღვაზე დასვენება?
- კი.
- გიყვართ ხმაურიანი საზოგადოება?
- არა.
- კომპანიიდან წასული პირისთვის კლიენტების შესახებ ინფორმაცია გადაგიციათ?
- არა.
რომელიმე კონკურენტ კომპანიასთან თანამშრომლობთ?
-არა.
მიუხედავად იმისა, რომ “სიცრუის დეტექტორს”, საქართველოში არცერთი კანონმდებლობა არ ცნობს და პოლოგრაფზე ჩატარებული გამოკვლევა დაუშვებელ მტკიცებულებად არის მიჩნეული მართლმსაჯულებაში, აღმოჩნდა, რომ ქართული და საქართველოში დარეგისტრირებული უცხოური კომპანიები, თანამშრომლებს ან პოტენციურ თანამშრომლებს, სიცრუის დეტექტორზე სისტემატურად ამოწმებენ.
32 წლის ზურა* ერთ-ერთი კომპანიის ქოლ-ცენტრში მუშაობს, თუმცა სანამ დამსაქმებელი საბოლოო ხელშეკრულებას გაუფორმებს, მან სიცრუის დეტექტორზე ტესტი უნდა გაიაროს. დამსაქმებელს მასთან რამდენიმე კითხვა აქვს, მათ შორის ისიც, ეწევა თუ არა სიგარეტს.
“დამსაქმებელმა წინასწარვე ჩამაყენა საქმის კურსში და ტესტის გავლასაც საკუთარი სურვილით, ყოველგვარი იძულების გარეშე დავთანხმდი”, - ეუბნება ზურა რადიო თავისუფლებას.
თუკი კომპანიასა და ზურას შორის შეთანხმება შედგება, ამ ტიპის ტესტირების გავლა მას წელიწადში რამდენჯერმე მოუწევს.
Your browser doesn’t support HTML5
ზურას სხეულზე პოლიგრაფოლოგი დეტექტორის ძირითად სადენებს ამაგრებს.
კანის გალვანომეტრი საჩვენებელ და არა თითებზე მაგრდება. როგორც პოლიგრაფოლოგი განმარტავს, ეს ყველაზე ინფორმატიული არხია. „როდესაც ადამიანი ტყუილის თქმის დროს სტრესულ მდგომარეობაში ვარდება, ადრენალინი პერიფერიული სისხლძარღვებიდან სისხლს მაქსიმალურად ექაჩება ტვინის იმ უბანში, რომელიც ტყუილზეა პასუხისმგებელი. ამ დროს თითების ფორები იკუმშება. ყველაზე ხშირად ადამიანებს სწორედ თითები გასცემენ“.
შუა თითზე ზურას ფოტოპლეტიზმოგრამას უმაგრებენ, რითიც მის კაპილარებსა და გულის რიტმს გააკონტროლებენ.
გულ-მკერდის სენსორები, დიაფრაგმის ზემოთ, მკერდზე და ასევე ჭიპის პროექციაში მაგრდება. ეს სენსორები ზურას სუნთქვის რიტმს დააფიქსირებენ.
მკლავზე მაგრდება წნევის საზომი, რომელიც ზომავს არტერიულ წნევას, ხოლო თავზე, ელექტროენცეფალოგრამა, რათა განისაზღვროს ზურას ტვინის მდგომარეობა - აღგზნება, თვითკონტროლი და აგრესია.
ყველა ეს სენსორი შეერთებულია დეტექტორთან, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია კომპიუტერთან. სწორედ კომპიუტერის მონიტორზე უნდა გამოჩნდეს 32 წლის ზურას პასუხები გულის რიტმით, სუნთქვით, წნევითა თუ თითების ფორების შეკუმშვა-გაფართოვებით გამოსახული.
რატომ იყენებენ დამსაქმებლები პოლიგრაფოლოგის მომსახურებას?
ახალი თანამშრომლის აყვანის შემთხვევაში, დამსაქმებელს როგორც წესი, სურს გაარკვიოს, რამდენად ზუსტი ინფორმაცია აქვს მითითებული კანდიდატს რეზიუმეში. ხომ არ ცდილობს კონკურენტი კომპანია თანამშრომლის შეგზავნას მის კომპანიაში. დამსაქმებელს ასევე შეუძლია სამსახურის მაძიებელს დაუსვას კითხვები მაგალითად, იმის შესახებ, ხომ არ მოიხმარს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ საშუალებებს.
უკვე დასაქმებულების შემთხვევაში კი კომპანიები სიცრუის დეტექტორის დახმარებით არამარტო იმის გარკვევას ცდილობენ, ხომ არ გადასცემს თანამშრომელი მნიშვნელოვან ინფორმაციას მესამე პირს, არამედ რამდენად კეთილსინდისიერად ასრულებს მოვალეობას; საუბრობს თუ არა ის საკუთარი სამსახურის შესახებ მისთვის ახლობელ ადამიანთან ან ხომ არ თანამშრომლობს კონკურენტ კომპანიასთან.
კერძო კომპანიებსა და დამსაქმებლებს პოლიგრაფიულ მომსახურებას შპს „სიცრუის დეტექციის ცენტრი” უწევს. კერძო კომპანიებთან ხელშეკრულებებს ეს ორგანიზაცია 2018 წლიდან აფორმებს. შეთანხმება კონფიდენციალურია და ინფორმაციას მათ შესახებ ცენტრი არ გასცემს.
"არის კომპანიები, რომლებსაც საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე, უწევთ კომერციული საიდუმლო გაუმხილონ პერსონალს და დგებიან რისკის ქვეშ, რადგან ამ ადამიანებმა ეს ინფორმაცია შესაძლოა ბოროტად გამოიყენონ, მაგალითად კონკურენტს მიყიდონ. ზოგს ნოვაციები აქვს, ზოგს მნიშვნელოვანი ბაზები შექმნილი... ასეთ შემთხვევებში ხდება ხოლმე გადამოწმება, მაგალითად, როდესაც ეჭვი გაუჩნდება დამქირავებელს, რომ საიდანღაც ჟონავს ინფორმაცია მისი კომპანიის შესახებ...” - უყვება რადიო თავისუფლებას ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ხვედელიძე.
„დეტექციის ცენტრი“, ერთადერთი ასეთი ტიპის კომპანიაა ბაზარზე, რომლის მომსახურებით ძირითადად სარგებლობენ სადისტრიბუციო კომპანიები, ქოლ-ცენტრები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ „დეტექციის ცენტრთან“ თანამშრომლობს ასევე ერთ-ერთი ცნობილი სუპერმარკეტების ქსელი.
ცენტრი ტესტირებისას იყენებს ე.წ. ლოსევ მიერის ურთიერთგამორიცხვის მეთოდს, რომლის მიხედვითაც ერთმანეთს ენაცვლება ნეიტრალური, მნიშვნელოვანი და საკონტროლო კითხვები და საბოლოოდ, კომპანიის მტკიცებით, სიცრუის დეტექტორი 90-95%-იან სიზუსტეს აღწევს.
„თუკი ტესტი ტარდება სავარაუდო ქურდობის ფაქტზე, მაგალითად, კომპანიის სეიფიდან დაკარგულია თანხა, საკონტროლო შეკითხვა შეიძლება იყოს ასეთი: ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ სეიფიდან დაიკარგა თანხა? ეს იწვევს ფონურ მღელვარებას, რადგან ადამიანი იწყებს ფიქრს, რომ ეჭვის ისრები მისკენ მიდის. მნიშვნელოვანი შეკითხვა კი ასეთი იქნება: თქვენ აიღეთ ამა და ამ სეიფიდან ამდენი და ამდენი თანხა? თუკი “ობიექტი” საკონტროლო კითხვაზე უფრო მეტად ღელავდა, ვიდრე მნიშვნელოვან შეკითხვაზე, ამ შემთხვევაში, პრაქტიკულად, შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ თანხა მისი აღებულია. მაგრამ თუკი პირიქით ხდება, დიდი ალბათობით, სწორედ ის არის პირი, რომელმაც თანხა აიღო“ - ამბობს ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ხვედელიძე და გვიხსნის, რომ მართალია ტესტის შედეგის პროცენტულ მაჩვენებელს, სპეციალური პროგრამა ითვლის, თუმცა, საბოლოო დასკვნის დაწერა პოლიგრაფოლოგის პროფესიონალიზმზეცაა დამოკიდებული.
„სიცრუის დეტექციის ცენტრი“ წელიწადში დაახლოებით 400 ადამიანს ტესტავს. ცენტრში სულ ორი პოლიგრაფოლოგი მუშაობს. თითო ტესტის ღირებულება მერყეობს 300-დან 500 ლარამდე, გააჩნია, რა ტიპის ინფორმაციის მიღება სურს დამსაქმებელს დასაქმებულისგან - მხოლოდ ე.წ. სკრინინგი ანუ პერიოდული შემოწმება თუ საგამოძიებო ტესტი, მაგალითად, ინფორმაცია დაკარგული თანხის ან მნიშვნელოვანი მონაცემების შესახებ.
ტესტი ტარდება, მხოლოდ გასატესტი პირის წერილობითი თანხმობის საფუძველზე. გარდა ამისა, ცენტრი მხარეებს განუმარტავს, რომ პოლიგრაფის დასკვნას არ აქვს იურიდიული ძალა, არ შეიძლება მისი გამოყენება მტკიცებულების სახით და მხოლოდ მის საფუძველზე რაიმე სამართლებრივი შედეგი ვერ დადგება:
„ანუ, სიცრუის დეტექტორზე ჩატარებული ტესტის დასკვნის საფუძველზე, დამსაქმებელი პირს ვერც სამსახურში მიღებაზე ეტყვის უარს და ვერც სამსახურიდან გაათავისუფლებს. მათ ასევე განვუმარტავთ, რომ პოლიგრაფის ტესტირებისას მიღებული პერსონალური ინფორმაცია დაცული იქნება ნებისმიერი სახის წვდომისაგან. დამკვეთმა უნდა იცოდეს, რომ ამ პასუხს ვერ გამოიყენებს ვერც სასამართლოში, ვერც კონკრეტულ პირს ვერ დაითხოვს სამსახურიდან და მის წინააღმდეგ ვერანაირ სანქციას ვერ გამოიყენებს“.
თუკი პოლიგრაფზე ჩატარებული ტესტის პასუხს დამსაქმებელი დასაქმებულის წინააღმდეგ ვერ გამოიყენებს, ვერც სამსახურის მაძიებელს ეტყვის უარს დასაქმებაზე, მაშ, რატომ იხდის კომპანია ტესტის ჩასატარებლად სოლიდურ თანხას?
„ჩემი დაკვირვებით, როდესაც ადამიანს განზრახული აქვს, რომ სამსახურიდან გაიტანოს ინფორმაცია ან კონკურენტის შეგზავნილია და ამას პოლიგრაფი დაადგენს, ის აღარც მიდის სამსახურში. ზოგს, როდესაც ეუბნებიან, რომ სიცრუის დეტექტორზე უნდა გაიაროს ტესტი, თავადვე ტოვებს სამსახურს. ჩვენს მომსახურეობას დამსაქმებლები ძირითადად იყენებენ პრევენციის მიზნით. ამ კომპანიების თანამშრომლებმა წინასწარ იციან, რომ ვერ მოატყუებს დამსაქმებელს, საქმეს ვერ გააფუჭებს, ინფორმაციას ვერ გაიტანს, რადგან გარკვეული პერიოდულობით, მოულოდნელად, სამ თვეში ერთხელ, ორ თვეში ერთხელ, მოვა პოლიგრაფოლოგი და შეამოწმებს”, - ამბობს პაატა ხვედელიძე.
„დეტექციის ცენტრი“ სახელმწიფო სტრუქტურებს არ ემსახურება. ცენტრი ასევე აღარ იღებს კერძო შეკვეთებს მაგალითად, „ღალატის გამოსააშკარავებლად“:
“ხშირ შემთხვევაში, ტესტის გავლას მხოლოდ ისინი თანხმდებოდნენ ვინც პარტნიორს არ ღალატობდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი სიმართლე დამტკიცდებოდა. თუმცა, გვქონდა შემთხვევები, როდესაც ღალატი გამოაშკარავდა, რამაც ჩვენც შეგვიქმნა პრობლემები. ძალიან ძნელია, როდესაც ეჭვიან ქმარს მოჰყავს ცოლი. საკმაოდ დიდი რისკია და ვერიდებით მაქსიმალურად. როდესად ადამიანი გეუბნება, არ დამღუპოო, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარ. ერთი მხრივ, დამკვეთთან გაქვს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ვალდებული ხარ ყველაფერი უთხრა. მეორე მხრივ, ადამიანი გეუბნება, არ დამღუპო, მომკლავს... ძალიან რთულია, ამიტომ ასეთ დაკვეთებს აღარ ვიღებთ", - ყვება ცენტრის დირექტორი.
- ტესტირება ნახევარი საათიდან საათნახევრამდე მერყეობს.
- “სიცრუის დეტექციის ცენტრი” არ ტესტავს ორსულებს.
- პირი, რომელიც სიცრუის დეტექტორზე გადის ტესტირებას, უნდა იმყოფებოდეს 48-საათიან სიფხიზლეში. არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი, ანტიდეპრესანტები, ფსიქოტროპული საშუალებები, ნარკოტიკი.
- ქალის შემთხვევაში, ამ ჩამონათვალს ემატება მენსტრუაციული ციკლის პერიოდი, როდესაც ტესტირება არ ტარდება.
ტესტის პასუხის ანუ საბოლოო დასკვნის დასაწერად, საჭიროა 3 დღე. თუმცა, პაატა ხვედელიძის თქმით, ზედაპირული შეფასების გაკეთება ტესტის დასრულებისთანავეა შესაძლებელი.
პაატა ხვედელიძე ამბობს, რომ თითქმის გამორიცხულია გასატესტი პირის მიერ პოლიგრაფის მართვა, ანუ “სიცრუის დეტექტორის” მოტყუება:
“მცდელობა ძალიან ბევრს აქვს. ვინც აქ მოდის, ადამიანების 90%-ს, მიაჩნიათ, რომ მარტივად მოატყუებს პოლიგრაფს. თუმცა, ამის შანსი მინიმალურია. იმისათვის, რომ ადამიანმა ეს პროცესი მართოს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს უნარი მართოს სუნთქვის რიტმი, პულსი, საკუთარ ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებისა და მისი დაქვეითების დრო. ასევე, მართოს სისხლის ნაკადები ორგანიზმში. თეორიაში ვუშვებთ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, მაგრამ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მან უნდა იცოდეს ჩემი მუშაობის პრინციპიც, როგორ მაქვს კითხვარი შედგენილი, სად ვაკეთებ აქცენტებს და ა.შ. თუკი მას ეს ყველაფერი ეცოდინება და აგრეთვე ექნება უნარი გათიშოს თავისი ქვეცნობიერიც, მაშინ, შესაძლებელია, რომ პოლიგრაფოლოგი მართლაც მოტყუვდეს”.
ირღვევა თუ არა დასაქმებულთა უფლებები?
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში”, რომელიც წლებია დასაქმებულთა უფლებების დაცვაზე მუშაობს, მიაჩნიათ, რომ დამსაქმებლების მიერ დასაქმებულთა სიცრუის დეტექტორზე ტესტირების საკითხით შრომის ინსპექცია უნდა დაინტერესდეს:
„არ არის გამორიცხული, რომ ტესტის აღებამდე, ადგილი აქვს შევიწროებას და იძულებას. იქიდან გამომდინარე, რომ დამსაქმებელი ტესტში იხდის დიდ თანხას, შესაბამისად, ამ ტესტის პასუხს გარკვეული ტიპის განვითარება ექნება და [კომპანია] მონახავს რაიმე გზას, რომ ან გაათავისუფლოს თანამშრომელი ან მაგალითად, ხელფასი დაუქვითოს. საინტერესოა, როგორ ხდება დასაქმებულის დეტექტორამდე მიყვანა?” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ცენტრის იურისტი კოტე ერისთავი.
კოტე ერისთავს მიაჩნია, რომ დამსაქმებლების მიერ ამ პრაქტიკის გამოყენება, საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს:
„დეტექტორის საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ღირსებასთან. გარდა იმისა, რომ ტესტის ჩატარებისას, პირდაპირ არის გამოყენებული შენი სხეული იმისათვის, რომ დამსაქმებელმა შენს შესახებ მოიპოვოს გარკვეული ინფორმაცია, შესაძლოა, დასმული იყოს პირადი კითხვები, და ხშირ შემთხვევაში ეს არის არაპროპორციული ჩარევა, რაც კანონით უნდა იყოს აკრძალული. ადამიანებს ხშირად უწევთ კაბალურ პირობებს მოაწერონ ხელი იმისათვის, რომ დასაქმდნენ და ამ პირობებში, დამატებით ასეთი მანკიერი პრაქტიკა, რომელიც პირდაპირ არღვევს ადამიანის ღირსებას, წარმოუდგენელი მასშტაბის უსამართლობაა“.
შრომით ურთიერთობებში, პოლიგრაფის გამოყენების კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი. მას, როგორც იურისტს მიაჩნია, რომ ამ გზით მოპოვებული ინფორმაცია ცდება შრომითი ურთიერთობების ფარგლებს და გადადის ადამიანის პერსონალური ინფორმაციის, პირადი ცხოვრების დეტალებში, რაც კანონით დაუშვებელია:
„აღსანიშნავია, რომ წინასახელშეკრულებო ეტაპს კანონი არეგულირებს. ვერ ვიტყვით, რომ ძალიან დეტალურია ეს რეგულირება, მაგრამ იძლევა იმის უფლებას, რომ დამსაქმებელმა მოიპოვოს ინფორმაცია დასაქმებულისგან, ოღონდ ისეთი ინფორმაცია, რომელსაც აქვს თავისი ფარგლები და რომელიც უკავშირდება კონკრეტული სამუშაოს შესრულებას და ასევე საჭიროა იმისათვის, რომ დამსაქმებელმა საბოლოოდ მიიღოს დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება თანამშრომლის აყვანის შესახებ. კანონმდებლობის თანახმადვე, დამსაქმებელს აქვს საშუალება, სამსახურის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გადაამოწმოს რეკომენდატორებთან. ამ უფლებას არეგულირებს შრომის კოდექსი. თუმცა, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, თუ რამდენად აქვს დამსაქმებელს უფლება ყოფილ დამსაქმებელთან გადაამოწმოს ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, რადგან ეს ყველაფერი ძალიან დიდ კონფლიქტში მოდის სხვა კანონთან, რომელიც ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას. ამ გადასახედიდან, დამატებით სიცრუის დეტექტორის ჩართვა, აბსოლუტურად გაუმართლებელი გადაწყვეტილებაა და სცდება შრომით უფლებებს“.
აშშ-ის ნაციონალური მეცნიერების აკადემიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ე.წ. სიცრუის დეტექტორის გამოყენება თანამშრომელთა კეთილსინდისიერებისა თუ სიცრუის გამოსავლენად, არაეფექტურია. ანგარიშის თანახმად, საგამოძიებო ტესტისგან განსხვავებით, დასაქმებულთა ტესტირებისას ცდომილების რისკი მაღალია.
შეერთებულ შტატებში 1988 წელს შეიქმნა „დასაქმებულთათვის პოლიგრაფის დაცვის აქტი“, სადაც დეტალურად გაიწერა, ყველა ის პუნქტი, რომლის თანახმადაც, კერძო დამსაქმებლებს ეკრძალებათ დასაქმებულთა ტესტირება, მათ შორის, სამსახურის მაძიებელთათვის.
აქტის თანახმად, როგორც წესი, დამსაქმებლებს არ აქვთ უფლება მოსთხოვონ აპლიკანტს ან დასაქმებულს ტესტის ჩატარება, ხოლო უარის შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ მიმართონ გარკვეულ სანქციებს, დისკრიმინაციას ან უარი უთხრან სამსახურში აყვანაზე.
აქტის თანახმადვე, დამსაქმებელს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია პოლიგრაფის გამოყენება - ასეთი შემთხვევებია ეკონომიკური ზარალი, ქურდობა, გაფლანგვა. ამ შემთხვევაშიც კი, იმისათვის, რომ დასაქმებულს ტესტი ჩაუტარდეს, მას სამსახურებრივად შეხება უნდა ჰქონდეს დაკარგულ თანხასთან და დამსაქმებელს უნდა ჰქონდეს „საფუძვლიანი ეჭვი“, რომ სწორედ ეს პირი შეიძლება იყოს მომხდართან კავშირში.
როგორც აქტში ვკითხულობთ, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დასაქმებულს დაუსვას კითხვები მისი სექსუალური ორიენტაციისა თუ პოლიტიკური, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილების შესახებ. გარდა ამისა, პირი წინასწარ უნდა იცნობდეს ყველა იმ კითხვას, რომელსაც პოლიგრაფზე ტესტირებისას დაუსვამენ.
ტესტი არ ტარდება იმ შემთხვევაში, თუკი არსებობს სამედიცინო ჩვენება, ფიზიოლოგიური მდგომარეობა ან მკურნალობის კურსი, რომელიც აისახება ტესტის პასუხების სისწორეზე.
* ზურას სახელი შეცვლილია.