COVID-19-ით სახლში: რა შეიძლება და რა არა

კორონავირუსით ინფიცირების მზარდ სტატისტიკასთან ერთად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით შინ რჩება.

რადიო თავისუფლება აგროვებს კითხვებს, რომლებიც შინ დარჩენილებს უჩნდებათ და პასუხებს ექიმებთან და სამედიცინო პროტოკოლებში ვეძებთ თქვენს კითხვებზე. თუ თქვენ გაქვთ კითხვები, რომლებზე პასუხებსაც აქ ვერ იპოვით, მოგვწერეთ რადიო თავისუფლების ფეისბუკისა და ინსტაგრამის გვერდებზე.

[მასალა განახლებადია]

თუ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა გაქვთ და რისკჯგუფს არ განეკუთვნებით, ექიმის დანიშნულების გარეშე წამლებს ნუ დალევთ.

ექიმის კონსულტაციის გარეშე მხოლოდ სიცხის დამწევი ან/და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები (პარაცეტამოლი, ტალინოლი) მიიღეთ. გაითვალისწინეთ, რომ სიცხის დამწევი პრეპარატების მიღება რეკომენდებული არ არის, თუკი ტემპერატურა არის 38.3°-ზე დაბალი.

ყველა სხვა პრეპარატი, განსაკუთრებით ანტიბიოტიკები და ე.წ. სისხლის გამათხელებლები არ მიიღოთ ექიმის დანიშნულების გარეშე.

ამ დრომდე კორონავირუსის სამკურნალო მეცნიერულად დადასტურებული პრეპარატი არ არსებობს. შესაბამისად, კლინიკებშიც მედიკამენტებს გართულებული სიმპტომების მიხედვით და სხვადასხვანაირად იყენებენ.

რა სიმპტომების გამოჩენის შემთხვევაში ვრეკავთ 112-ში?

სუნთქვის გართულება, გულმკერდის გახანგრძლივებული ტკივილი/მოჭერის შეგრძნება, გონების დაბინდვა, სახის ან ტუჩების გალურჯება.

დავლიო თუ არა ანტიბიოტიკები?

ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს ექიმის დანიშნულების გარეშე. კოვიდი არ არის ბაქტერიული ინფექცია. ის ვირუსული დაავადებაა და მასზე ანტიბიოტიკი გავლენას ვერ ახდენს. ანტიბიოტიკი გვჭირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კოვიდდაავადება რთულდება თანდართული ბაქტერიული პნევმონიით ან სხვა სისტემის ბაქტერიული ინფექციით - ამ დიაგნოზის დასმა დამოუკიდებლად სახლში, ექიმისა და შესაბამისი კვლევების გარეშე შეუძლებელია.

ვიტამინები ხომ არ მჭირდება?

არ არსებობს კვლევა, რომელიც ადასტურებდეს C ვიტამინის ან მულტივიტამინების ეფექტიანობას კოვიდინფექციის მკურნალობაში. არსებობს შედარებით სუსტი მტკიცებულება D ვიტამინის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. მინიმუმ ორმა კვლევამ აჩვენა კავშირი D ვიტამინის დეფიციტსა და კოვიდის მძიმე მიმდინარეობას შორის (რესპირატორული დისტრესი და სიკვდილიანობა).

ვინაიდან მცირე ხნით D ვიტამინის გამოყენება ზედოზირებას არ იწვევს, შეგიძლიათ ის მიიღოთ. თუ იცით, რომ D ვიტამინის დეფიციტი გაქვთ და აქამდეც იღებდით მას, გააგრძელეთ მიღება.

ყველა სხვა შემთხვევაში ვიტამინების მიღება შეათანხმეთ ექიმთან.

პრევენციის მიზნით ხომ არ უნდა მივიღო “სისხლის გამათხელებელი მედიკამენტები”?

არა. ექიმის დანიშნულების გარეშე ამგვარმა მკურნალობამ შესაძლოა სიცოცხლისათვის საშიში გართულებები გამოიწვიოს. არ მიიღოთ თვითნებურად თუნდაც ისეთი „ჩვეულებრივი” პრეპარატი, როგორიც ასპირინია.

არამიზნობრივი ანტიკოაგულაციის საშიში გართულებებია: თავის ტვინის ჰემორაგიული ინსულტი, შინაგანი ორგანოების სისხლდენები, განსაკუთრებით ხშირად კუჭ-ნაწლავის სისტემის სისხლდენა. „სისხლის გამათხელებელი მედიკამენტების” მიღება თვითნებურად განსაკუთრებით საშიშია მათთვის, ვისაც სპეციფიკური სისხლის დაავადებები და ღვიძლის უკმარისობა აღენიშნება.

მედიკამენტების გარდა თუ არის მკურნალობის სხვა გზები იმისთვის, რომ მდგომარეობა არ დამძიმდეს?

სახლში მყოფი პაციენტებისთვის აუცილებელია:

  • ბევრი სითხე;
  • ფიზიკური აქტივობა (სიარული თუნდაც ოთახში, მსუბუქი ვარჯიში, ბუქნები - ყველაფერი, რაც ფეხის კუნთებს აამუშავებს);
  • სუნთქვის ვარჯიშები (ბუშტის გაბერვა, ღრმა სუნთქვა);
  • სრულფასოვანი კვება;
  • მშვიდი ძილი;
  • ოთახის ხშირი განიავება.

არ დაგავიწყდეთ, რომ ბევრი სითხის მიღებისას სიფრთხილე გმართებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ გულის უკმარისობა.

რას ნიშნავს რისკჯგუფი და როგორ გავიგო, ვეკუთვნი თუ არა მას?

ცოდნა, ხართ თუ არა რისკჯგუფში, მნიშვნელოვანია იმის შესაფასებლად, თუ რამდენად მოსალოდნელია ავადმყოფობის მიმდინარეობის გართულება. თუ რისკჯგუფში ხართ, ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაშიც კი უმჯობესია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმკურნალოთ ჰოსპიტალში.

რისკჯგუფის კრიტერიუმებია:

  • ასაკი 65 წელს ზემოთ;
  • მოხუცებულთა სახლის ბენეფიციარები;
  • ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია ან ზედმეტად დატვირთული - მაგალითად, გაქვთ შიდსი, გადიხართ სტეროიდებით ქრონიკულ თერაპიას ან გაქვთ თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი;
  • ფილტვის ქრონიკული დაავადებები, როგორებიცაა: ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ასთმა, ფილტვის ფიბროზი, ცისტიკური ფიბროზი;
  • კარდიოვასკულარული დაავადებები, განსაკუთრებით ჰიპერტენზია;
  • ონკოლოგიური დაავადებები;
  • სიმსუქნე;
  • დიაბეტი;
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ტვინის სისხლძარღვთა დაავადებები;
  • ნევროლოგიური დაავადებები, განსაკუთრებით დემენცია;
  • სისხლის დაავადებები, როგორიცაა თალასემია, ნამგლისებური ანემია.

როგორ არ გამომეპაროს მომენტი, როცა მდგომარეობა მირთულდება?

იმისათვის, რომ მდგომარეობის დამძიმება არ გამოგეპაროთ, სისტემატურად უნდა იზომოთ სიცხე, დააკვირდეთ სუნთქვის სიხშირეს, ტემპერატურის რეაგირებას მედიკამენტებზე, დააკვირდეთ, ხომ არ გელევათ ენერგია.

თუ ხვდებით, რომ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი მაინც გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

  • უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება არ გაძლევთ მოძრაობის საშუალებას;
  • გებინდებათ გონება;
  • გაქვთ მაღალი ტემპერატურა და სიცხის დამწევებით ვერ იგდებთ;
  • მკაფიოდ გრძნობთ სუნთქვის უკმარისობას (თუკი სუნთქავთ უფრო ჩქარა და მძიმედ, ვიდრე ჩვეულებრივ - სუნთქვის სიხშირე მოზრდილთა ნორმაში არ აღემატება 18-20-ს წუთში);
  • ამჩნევთ უჩვეულო ტაქიკარდიას (აჩქარებული გულისცემა), ნორმალური გულისცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100-ს წუთში მცირედი დატვირთვისას;
  • გეწყებათ ქოშინი მცირე დატვირთვისას;
  • გრძნობთ ტკივილს, უჩვეულო სიმძიმეს ან მოჭერას გულმკერდის არეში;
  • არ გაქვთ მადა და არ გინდებათ ჭამა;
  • ხშირად აღებინებთ ან გაქვთ დიარეა და გექმნებათ დეჰიდრატაციზაციის საფრთხე;
  • ასიმეტრიულად შეგიშუპდათ ფეხები;
  • გაქვთ ნახველიანი ხველა. კოვიდს უმეტესად მშრალი ხველა ახასიათებს და ნახველი, შესაძლოა, თანდართული ბაქტერიული პნევმონიის ნიშანი იყოს.

Covid-19-ის გადატანის შემდეგ რამდენი ხნის მერეა მიზანშეწონილი სეზონური გრიპის საწინააღმეგოდ აცრა?

გრიპის ვაქცინაციისას სასურველია კოვიდის ყველა სიმპტომი ბოლომდე გამქრალი იყოს, განსაკუთრებით, თუ საშუალოდ ან მძიმედ მიმდინარეობდა დაავადება. გრიპის ვაქცინა არც ერთი აქტიური/მწვავე ინფექციის დროს რეკომენდებული არაა.

სუნთქვის გაუარესების შემთხვევაში ინჰალაცია მიშველის?

კორონავირუსის შემთხვევაში სუნთქვის გაძნელებისა და გაუარესებისას ინჰალაციას შედეგი არ ექნება. მეტიც, შესაძლოა, ხველა გააძლიეროს და თქვენს გარშემომყოფებს მეტი საფრთხე შეექმნას, ვინაიდან ვირუსის დიდი დოზით აეროზოლიზაცია ხდება.

სუნთქვის გაძნელებისას დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

რა არის პულსოქიმეტრი და როგორ გამოვიყენო?

პულსოქიმეტრი ძალიან მარტივი, თითზე წამოსაცვამი მოწყობილობაა, რომელიც სისხლში ჟანგბადის შემცველობას ზომავს. დეფიციტი შესაძლებელია სუნთქვის პრობლემებზე მიანიშნებდეს, თუმცა მონაცების ინტერპრეტაცია თავად არ სცადოთ და ექიმს დაუკავშირდით.

მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში, ასევე სხვადასხვა ონლაინმაღაზიაში გამოწერით. ამ ინსტრუმენტს თან მოჰყვება ინსტრუქცია, რომლითაც შეაფასებთ, საკმარისი ჟანგბადი გაქვთ თუ არა სისხლში.

რამდენი ხანი უნდა ვიყო იზოლაციაში სიმპტომების გაჩენის მომენტიდან?

მინიმუმ 10 დღის განმავლობაში. იზოლაციიდან გამოსვლას წინ უნდა უძღოდეს ისეთი 48 საათი, რომლის დროსაც არანაირი სიმპტომი აღარ გიფიქსირდებათ. იზოლაციიდან გამოსვლისთვის განმეორებითი ტესტირება აუცილებელი არ არის.

როგორ ვიყო იზოლირებული სახლში, სადაც სხვებიც ცხოვრობენ, ისე, რომ საფრთხე არ შევქმნა?

  • გადადით იზოლირებულ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება. კარი დახურული უნდა გქონდეთ.
  • თუ შესაძლებელია, გამოიყენეთ ცალკე აბაზანა, თუ არა, აუცილებელია რეგულარული დეზინფექცია. თუ ცალკე სველი წერტილი არ არის ხელმისაწვდომი, თვითიზოლაციაში მყოფმა პირმა სველი წერტილი ხმარების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით უნდა გაწმინდოს.
  • არ იხმაროთ ოჯახის წევრების პირსახოცი.
  • კვებისთვის გამოიყენეთ ცალკე ჭურჭელი, ჭამეთ იზოლირებულ ოთახში და არა სამზარეულოში. ჭურჭელი უნდა გარეცხოთ კარგად სარეცხი საშუალებით, თბილი წყლით და გაამშრალოთ ცალკე ტილოთი. შეგიძლიათ ჭურჭელი გარეცხოთ სარეცხ მანქანაში მაღალ ტემპერატურაზე.
  • ხველის ან ცემინების დროს პირსა და ცხვირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.
  • დაიცავით ყველა ზოგადი რეკომენდაცია: ხშირად და გულდასმით დაიბანეთ ხელები, სადეზინფექციო ხსნარით გადაწმინდეთ მყარი ზედაპირები, გაანიავეთ ოთახი (არ გამოიყენოთ ვენტილატორი), იხმარეთ ნიღაბი.

როგორ გადავყაროთ ნარჩენები?

ყველა ნარჩენი, გამოყენებული ცხვირსახოცებისა და პირბადეების ჩათვლით, უნდა მოათავსოთ ცელოფნის პარკში და ავსებისას თავი მოუკრათ. პარკი მოათავსეთ მეორე პარკში და კიდევ ერთხელ მოუკარით თავი. ამის შემდეგ შეგიძლიათ ნარჩენების გადაყრა საერთო წესით. საკვების ნარჩენებისთვის გამოიყენეთ ცალკე პარკი.

იზოლაციისას შეიძლება თუ არა კონტაქტი შინაურ ცხოველებთან?

თავი შეიკავეთ. თუ ეს გარდაუვალია, დაიბანეთ ხელები კონტაქტამდე და მის შემდეგ.

რა ვქნა, თუკი 112-ზე დარეკვას ვერ ვახერხებ?

112-ზე დარეკვას თუ ვერ ახერხებთ, დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და გააცანით თქვენი სიმპტომები.