აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი არ გამორიცხავს მთიანი ყარაბაღისთვის „კულტურული ავტონომიის“ მინიჭებას. ამის თაობაზე ტასი იტყობინება აზერბაიჯანულ სახელმწიფო ტელეარხ AzTV-ზე დაყრდნობით.
AzTV-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ალიევმა მაგალითად მოიტანა „ევროპის განვითარებული ქვეყნები“, რომლებშიც ხალხს „აქვს გარკვეული უფლებები საკუთარი მუნიციპალური თემის ფარგლებში“. მას არ დაუკონკრეტებია, რა ქვეყნებზეა ლაპარაკი და დასძინა, რომ სომხებს, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ მსგავსი პირობები.
ამასთან, მან თქვა, რომ არასდროს არ დაუშვებს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის მეორე სახელმწიფოს შექმნას“ და რომ მისი არმია „ოკუპირებულ მიწებს“ იბრუნებს უკან.
გუშინ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ შეუძლებელია მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის თაობაზე კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარება.
„ჩვენი შემდგომი მოქმედებები - ესაა ბრძოლა ბოლომდე, ჩვენი ხალხის უფლებებისთვის,“ თქვა მან პირდაპირი ვიდეოჩართვისას თავის გვერდზე ფეისბუკში. ფაშინიანმა ქალაქის მერებს მოუწოდა, ორგანიზება გაუკეთონ მოხალისეთა რაზმებს, მოსახლეობას კი მიმართა, „ხელში აიღონ იარაღი“.
ფაშინიანის ამ განცხადების შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაშინვე გააკეთა საპირისპირო განცხადება და აღნიშნა, რომ კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი გზითაა შესაძლებელი.
ამავე დროს, მიუხედავად დროებითი საზავო შეთანხმებისა და კონფლიქტის მოსაგვარებლად მიმდინარე მოლაპარაკებებისა, ორივე მხარე იტყობინება შეტაკებების შესახებ. მთიან ყარაბაღში აცხადებენ, რომ სექტემბრის ბოლოდან მიმდინარე ბრძოლებში 800-ზე მეტი სომეხი სამხედრო დაიღუპა. აზერბაიჯანი საკუთარ დანაკარგებს არ აქვეყნებს.
მთიან ყარაბაღსა და მის მიმდებარე აზერბაიჯანულ ტერიტორიებზე, რომლებსაც 90-იანი წლების დასაწყისიდან სომხური ძალები აკონტროლებენ, 27 სექტემბერს გამწვავდა კონფლიქტი. ბაქოს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთმა. მოსკოვში მიღწეულ იქნა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მაგრამ ორივე მხარე იტყობინება მისი დარღვევის შესახებ. კონფლიქტის ზონაში გრძელდება ბრძოლები.