აშშ-ში ჯაშუშობაში ბრალდებულმა ედვარდ სნოუდენმა რუსეთში უვადო ცხოვრების უფლება მოიპოვა

ედვარდ სნოუდენი

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, ედვარდ სნოუდენმა რუსეთში უვადო ცხოვრების უფლება მოიპოვა. ამის შესახებ განაცხადა სნოუდენის ადვოკატმა ანატოლი კუჩერენამ.

ადვოკატის თქმით, სნოუდენი რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე ჯერჯერობით არ ფიქრობს.

სნოუდენმა 2013 წელს თავშესაფარი მიიღო რუსეთში მას შემდეგ, რაც გაასაჯაროვა საიდუმლო მონაცემები სპეცსამსახურების მრიდან მასობრივი ელექტრონული თვალთვალის პროგრამის შესახებ. სნოუდენი აცხადებს, რომ რუსეთში უნებლიედ აღმოჩნდა - ის ჰონგ-კონგში მიფრინავდა მოსკოვში გადაჯდომით და გზაში შეიტყო, რომ მისი ამერიკული პასპორტი გაუქმებული იყო, სამშობლოში კი დევნა ელოდა. 2014 წელს სნოუდენმა რუსეთში დროებით ცხოვრების უფლება მიიღო.

სხვადასხვა ინტერვიუში ის ამტკიცებდა, რომ რუსეთში თავისუფლად შეუძლია გადაადგილება. სნოუდენი, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების მომხრეა, რუსეთის ხელისუფლებას აკრიტიკებდა ამის შემზღუდავი ზომებისთვის.

ადრე ცნობილი გახდა, რომ სნოუდენმა აშშ-ის ხელისუფლებას დაუთმო 5 მილიონ დოლარზე მეტი, რაც მან მიიღო თავისი წიგნის გაყიდვისა და ამასთან დაკავშირებული გამოსვლების გზით.

აშშ-ში სნოუდენს წაყენებული აქვს ჯაშუშობის ბრალდება და მას ხანგრძლივი პატიმრობა ელის.