თბილისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურ რეჟიმში გრძელდება ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი.
21 ოქტომბერს დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ პროცესზე გახდება ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე დაცვის შუამდგომლობას, რომელიც მან წინა დღით, 20 ოქტომბრის წინასასამართლო სხდომაზე დააყენა და რომლითაც მოითხოვა ბრალდების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ნაწილის დაუშვებლად მიჩნევის თაობაზე.
ასევე ნახეთ ბასილაშვილის უფლებამცველები: ვიდეოჩანაწერი მას მცდარი ბრალდებებისგან ათავისუფლებსროგორც ადვოკატმა ირმა ჭკადუამ უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლომ საამისოდ დრო ითხოვა.
„ბრალდების მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არაფერია ახალი, რაც დასაწყისშიც არ იდო საქმეში და ყველა მტკიცებულება, რაც აქვს ბრალდების მხარეს, ადასტურებს ერთადერთს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის უდანაშაულო“, - გვითხრა ადვოკატმა.
ირმა ჭკადუა ასევე ამბობს, რომ თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლო პროცესებში ჩართულია აქტიურად, თუმცა მედიასთან კვლაც დუმილს არჩევს, შვილის, ლუკა ბასილაშვილის ინტერესების დაცვის მიზნით.
„ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ლუკა ბასილაშვილმა ყველაზე კარგად იციან რა არის სიმართლე და ჩვენც იმედს ვიტოვებთ, რომ სასამართლო იქნება ობიექტური და დაადგენს ერთადერთ განაჩენს, რომლის მიხედვით ბასილაშვილი იქნება უდანაშაულო“.
ირმა ჭკადუა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ დაზარალებული ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე ყველაფერს აკეთებს ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმიანი რეპუტაციის შესალახად როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე:
„მიუხედავად ამისა, ისინი ბასილაშვილის ავტორიტეტს ვერაფერს დააკლებენ“, - გვითხრა ირმა ჭკადუამ.
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ქრონოლოგია
2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.
21 მაისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.
8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა.
ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა.
ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი ორგანიზაციის, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი, ანა თავხელიძე კი გვიხსნის, რომ მოსამართლემ საქმიდან რომც ამორიცხოს ზემოთ ნახსენები მტკიცებულება, ეს, სურათს, ბასილაშვილის სასარგებლოდ, მაინც ვერ შეცვლის, რადგან საქმეში რამდენიმე მსგავსი სხვა მტკიცებულებაც არსებობს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში ისედაც იშვიათად ბევრი მტკიცებულება არსებობს, ვიდრე ოჯახში ძალადობის სხვა საქმეებში შეგვხვედრია და რომელზეც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანია. ამიტომ ვფიქრობთ, რომ თანასწორობის, მიუკერძოებლობის და ობიექტურობის პირობებში, ნიკოლოზ ბასილაშვილი გამტყუნდება. ჩვენთვის უდავოა, რომ საქმის არსებითად განხილბა უნდა დაიწყოს".
ასევე ნახეთ რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზერადიო თავისუფლებასთან საუბარში ანა თავხელიძე ასევე განმარტყავს, რომ პროკურატურა ანუ ბრალდების მხარე მოითხოვს ბასილაშვილისთვის გამამყუნებელი განაჩენის გამოტანას, მოსამართლე კი თავისი შეხედულებისამებრ მიიღებს გადაწყვეტლებას თუ რა სახის სასჯელს გამოიტანს, თუკი, ცხადია, განაჩენი იქნება გამამტყუნებელი.
„ჩვენთვის მთავარია, რომ საზოგადოება დარწმუნდეს იმაში, რომ ამ პროცესის ყველა ეტაპზე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ამბობდა სიმართლეს“, - გვითხრა ანა თავხელიძემ.