ქვების ფაზლი - როგორ იქცევა ქვები ამბებად

„ცოტა მისტიკურად თუ შევხედავ ამ ამბავს, ასე მგონია, რაც ისრაელში ჩამოვედი, „ქვათა შეგროვების“ ჟამი დამიდგა“, - პოეტი, მთარგმნელი და წლების განმავლობაში სასწრაფო დახმარების ექიმი ნინო ქოქოსაძე, ამბებს, ისრაელში, ზღვის სანაპიროზე შეგროვილი ქვებით ყვება.

"ცეროდენა"

ის, რაც შეიძლება სხვისთვის უფორმო ან უბრალოდ, ლამაზი ფორმის ქვა იყოს, ნინოს ხელში ხან სახლად, ხან სკუტერით მოსეირნე გოგოდ, ხან ჯეინ ეარის პორტრეტად, ხან გომბეშოდ და ცეროდენად იქცევა.

"მისტერ როჩესტერ!"

ქვებით ფაზლების აწყობა პანდემიის პერიოდში დაიწყო. როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო, ზღვის სანაპიროზე მარტო სეირნობა კი შედარებით უსაფრთხო.

სკუტერი ახლა ჰქვია, მაშინ "სამაკატკა" ერქვა

ნივთების რაღაცისთვის ან ვიღაცისთვის მიმსგავსება, ბავშვობიდანვე უყვარდა. ისე, როგორც სხვა ბავშვები ხედავენ ღრუბლებში კურდღლებს ან სხვა ფიგურებს, მაგრამ ნინოს ეს თვისება დიდობაშიც გამოჰყვა - ამიტომ დაინახა ერთ დღესაც ერთ თითქოს ჩვეულებრივ ქვაში ჯეინ ეარის ქუდი, მეორეში კი, მისტერ როჩესტერის სახე.

"ჩემი კოკერ-სპანიელი"

პირველი კომპოზიცია იქვე, პლაჟზე ააწყო. მოეწონა და ფოტო გადაუღო. მერე დატოვება დაენანა და ქვების~ შინ წამოიღო. ასე დაიწყო.

"ფიქრთ გასართველად"

წინ უდევს ხოლმე უამრავი განსხვავებული ფორმის ქვა და წინასწარ იშვიათად იცის რას გააკეთებს.

"კარანტინი"

ჯერ ხელში ატრიალებს, ხან წაღმა, ხან უკუღმა და უცებ, რაღაც ფორმა გაიელვებს, მერე ჩნდება შინაარსი, ხასიათი, თემა, განყობა და ამბის ბოლომდე მოსაყოლად სხვა ქვების ძებნას იწყებს.

"რთული დღის საღამო"

„ერთი უცნაური რამ აღმოვაჩინე. ხომ ქვაა, მაგრამ იუველირული სიზუსტით მუშაობა სჭირდება. დააყენებ, დაინახავ ხასიათს, მაგრამ საკმარისია, ერთი ქვა მილიმეტით მაინვ გამოძრავდეს და საერთოდ დაიკარგოს ეს ხასიათი“.

"მოფათურება"

ახლა ქვის ფაზლებს ზედაპირზე აკრავს და ჩარჩოებში ათავსებს, რომ ეს ამბები არ გაქრეს. ქვებით ხატვა იმდენად აზარტული აღმოჩნდა, რომ დილიდან საღამომდე შეიძლება მათ ჩაჰკირკიტებდეს.

"დედასთან. ფოტო1965"

ძირითადი მოკარნახე მაინც ქვებია. თითქოს თავად გეუბნება, მე ეს ვარ. ჩემგან ის გამოვა.

"მაგრა მომენატრე!"

ზოგჯერ ფაზლის ერთი ნაწილი აქვს ხოლმე, მაგრამ მას რაღაც აკლია - ასე იყო ცეროდენას შემთხვევაში: გომბეშო არ ჰყავდა. ვერ მოისვენა, ზღვაზე გავიდა და ისიც იპოვა.

"რაჭა, ჩემი სიყვარული"

უკვე ბევრი ქვის ფაზლი დაგროვდა. ნამუშევრები ერთ გამოფენას ეყოფა.

"გამოსვლა ბისზე"

ახლა, მთავარია, ნინომ მათი საქართველოში ჩამოტანა შეძლოს.