ბელარუსის სასამართლომ ექსტრემისტულად გამოაცხადა პოპულარული არხი NEXTA-Live

20 ოქტომბერს მინსკის რაიონულმა სასამართლომ ექსტრემისტულად ცნო პოპულარული ტელეგრამის არხი NEXTA-Live, რომელიც აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.


სასამართლომ დაავალა ქვეყნის ინფორმაციის სამინისტროს, რომ შეიყვანოს NEXTA-Live „ექსტრემისტების“ სიაში, აკრძალოს ტელეგრამის არხით ამ ლოგოს გამოყენება ინტერნეტის ბელარუსის სეგმენტში და გაამკაცროს დაშვება იმ საინფორმაციო რესურსებზე, რომლებიც NEXTA-ს ლოგოს იყენებენ.



სასამართლოს გადაწყვეტილების პასუხად, NEXTA-Live-მა, რომელიც პოლონეთიდან მაუწყებლობს, განაცხადა, რომ ის მუშაობას გააგრძელებს ახალი სახელითა და ლოგოთი.


სასამართლოს ამ გადაწყვეტილების ფონია ალიაქსანდრ ლუკაშენკას მცდელობა, შეაჩეროს 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად აგორებული საპროტესტო ტალღა.

20 ოქტომბერს ლუკაშენკამ თანამდებობიდან გაათავისუფლა და მათ ნაცვლად უფრო ლოიალური რექტორები დაუნიშნა იმ სამ უმაღლეს სასწავლებელს, რომელთა სტუდენტებიც განსაკუთრებით აქტიურობენ ანტისამთავრობო აქციებზე.