კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 60 სამედიცინო პერსონალია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულ 1194 პაციენტს შორის 60 სამედიცინო პერსონალია.

ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბარში გააკეთა შესაბამისი კითხვის პასუხად.

„სამწუხაროდ, ასეა, რომ ჩვენ, ექიმები, პირველი ხაზის ადამიანები ვართ კორონასთან და ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ და ამიტომ არ არის ეს გასაკვირი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მას ასევე უპასუხა ჯავახეთში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ დასმულ კითხვას და აღნიშნა, რომ ინფიცირებულ პერსონალს როტაციის მეთოდით ჩაანაცვლებენ. დეტალების შესახებ მას არ უსაუბრია.

„გვქონდა ჩვენ ეს შემთხვევები გაზაფხულზე, როდესაც სასწრაფოების ექიმები დაგვიინფიცირდა ბოლნისში, ქვემო ქართლში და ხდება ჩანაცვლება სხვადასხვა რეგიონებით და გარკვეული რეზერვები, რა თქმა უნდა, არსებობს. ამავე დროს, ჩვენ სასწრაფოს თანამშრომლები გადაყვანილი გვყავს სხვა რეჟიმზე ტესტირების, რომ კონტაქტები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავის სამუშაო ადგილს. ეს არის ზოგჯერ 48, ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება და დღესვე უნდა ჩანაცვლდეს [პერსონალი]“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ამჟამად ახალქალაქსა და ახალციხეში 13-13 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.

საქართველოში არსებულ კოვიდინფიცირებულთაგან 341 მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტია. მძიმე პაციენტებიდან უმრავლესობა, 172 თბილისის კლინიკებშია, აჭარაში კი - 69. პაციენტებიდან 75 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსი 1 194 პირს დაუდასტურდა. ამით ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 19 857-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში „აქტიური შემთხვევების“ რაოდენობა 10 182-ს გაუტოლდა, მათგან 2 800 პირი მკურნალობს საავადმყოფოში. ბოლო დღე-ღამეში 15 პირი გარდაიცვალა, რამაც გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 158-მდე გაზარდა.