ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ არჩევნები ზრდის კორონავირუსით დაინფიცირების რისკს, მაგრამ ეს არ ეხება საარჩევნო უბანს.
„საარჩევნო კამპანია არის ძალიან აქტიურ სტადიაში. საარჩევნო კამპანია, მათ შორის, მოიცავს ხალხმრავალი შეკრებების საჭიროებას. ამის მაგალითი გვქონდა რამდენიმე დღის წინ ბათუმში, სადაც ხალხმრავალი შეკრება გაიმართა ისე, რომ არ იყო მიღებული ელემენტარული ზომები. რა იქნებოდა, ზუსტად ისეთი შეხვედრა გამართულიყო, მას ისეთივე შედეგი ექნებოდა, ოღონდ ნიღაბი ჰქონოდა ყველას გაკეთებული. რა თქმა უნდა, რეგულაციები, რომელიც მინიმალურია, რბილია, სულ არ არის დრაკონული და იოლი შესასრულებელია, ყველა არ ასრულებს, მით უმეტეს, საარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნავს ცერცვაძე და განმარტავს, - „თვითონ არჩევნები არ ქმნის რისკს, იქ, საარჩევნო უბნებზე, ისეა ყველაფერი დალაგებული, ისეთი ზომებია მიღებული, პრევენციის ყველა პირობის დაცვის თვალსაზრისით, რომ იქ არავინ დაინფიცირდება“.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.