"თავგატეხილი" იუბი-ლარი - ეროვნული ვალუტა 25 წლისაა

საქართველოს ეროვნულ ვალუტას 25 წელი შეუსრულდა, თუმცა ამ მრგვალმა საიუბილეო თარიღმა დღესასწაულისათვის დამახასიათებელი ხმაურისა და პომპეზური აღნიშვნის გარეშე ჩაიარა. „ლარს თავი აქვს გატეხილი. არ ექეიფება!“ - ასე აღწერა ლარის დღევანდელი მდგომარეობა ეკონომისტმა რომან გოცირიძემ. და მართლაც, 25 წლისთავზე ლარს იმაზე უფრო მძიმე დღეები უდგას, ვიდრე 1995 წლის 2 ოქტომბერს ედგა, როცა ის ნდობადაკარგული კუპონის ადგილს იკავებდა და ცოტას თუ სჯერორდა მისი სტაბილურობის.

ლარამდე იყო კუპონი

1995 წლის 13 სექტემბერს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განიხილა ფულის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები. სხდომაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი თემურ ბასილია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი, ეკონომიკის მინისტრი ლადო პაპავა და იუსტიციის მინისტრი თედო ისაკაძე, გადაწყდა, რომ სპეციალური კომისია შექმნიდა აუცილებელ პირობებს ეროვნული ვალუტის შემოღებისათვის, რომელიც იქნებოდა ერთადერთი საგადამხდელო საშუალება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს მთავრობის ამ სხდომიდან ზუსტად სამი კვირის თავზე, 1995 წლის 2 ოქტომბერს, მიმოქცევაში გამოვიდა ეროვნული ვალუტის 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები, რომლებმაც შეცვალეს 1993 წლის 3 აგვისტოდან მოქმედებაში მყოფი კუპონი.

„რა არის ლარი? ლარი არის ნულებჩამოცილებული და სახელშეცვლილი კუპონი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეკონომისტმა რომან გოცირიძემ, რომლის თქმითაც, კუპონის არსებობის ბოლო თვეებში 1 დოლარი 2 მლნ 300 ათასი კუპონი ღირდა.

1000000 კუპონი.1994 წ. საქართველოს ეროვნული ბანკი

სწორედ ამგვარი გამოცდილებისა და კუპონთან მჭიდრო კავშირის გამო ბევრი ფიქრობდა, რომ მალე ლარიც კუპონის ბედს გაიზიარებდა. ლარის შემოღება მთავრობის მცდარ და ნაჩქარევ ნაბიჯად მიაჩნდა ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, აკაკი ბაქრაძეს ( „კავკასიონი“, 1995 წ, N163), რომლის განმარტებითაც, ლარის განმტკიცება მსოფლიო ბანკის სესხის საშუალებით მეტად სახიფათო იყო.

„საერთაშორისო დახმარების ამოწურვის შემთხვევავში, ლარის დევალვაცია გარდაუვალია. ქართული ვალუტის შემოღება მომავლის საქმეა, როცა მთელი საწარმოები პროდუქციას აწარმოებენ და საკუთარი გასაღების ბაზარს შექმნიან“, - წერდა აკაკი ბაქრაძე.

რომ არა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების დახმარება, შეუძლებელი იქნებოდა 25 წლის წინ სტაბილური ეროვნული ვალუტის შემოღება, რადგან 1995 წლისათვის საქართველოს თითქმის არ გააჩნდა უცხოური ვალუტის რეზერვი. უმნიშვნელო თანხა, რამდენიმე ასეული ათასი აშშ დოლარის სახით, ძლივის აუდიოდა სახელმწიფო მოხელეების საერთაშორისო ვიზიტებს.

საქართველოს ეროვნული ვალუტა

„ჯერ სავალუტო ფონდის ტრანშით (27 მლნ დოლარი), შემდეგ კი მსოფლიო ბანკის დიდი სესხით შეიქმნა უცხოური ვალუტის რეზერვი და მოხერხდა ეროვნული ვალუტის კურსის ფიქსაცია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში კუპონიც სტაბილური იყო. რეალურად, ლარის შემოღება იყო არსებული ვალუტის - კუპონის - დენომინაცია, ნულების ჩამოცილება. ლარი ეს არის გამყარებული კუპონი, რასაც საფუძველი დაუდო საერთაშოისო სავალუტო რეზერვების შექმნამ და იმ მავნე ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შეწყვეტამ, რომელსაც ატარებდა მაშინ შევარდნაძე თავისი ეროვნული ბანკის მეშვეობით და რამაც გამოიწვია მანეთისა და კუპონის გაუფასურება“, - უთხრა რომან გოცირიძემ რადიო თავისუფლებას.

კუპონამდე - რუბლი

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო 1993 წლის 5 აპრილამდე საბჭოთა და რუსეთის რუბლით სარგებლობდა, რადიო თავისუფლების არქივში შემონახულია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თენგიზ სიგუას მოგონება (2015 წ), თუ როგორ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო რუსეთმა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებოდათ ფულის ბეჭდვაზე:

„ფულს მხოლოდ რუსეთი ბეჭდავდა და არ აწვდიდა არც ერთ რესპუბლიკას. ამის გამო ჩვენთან შეიქმნა გაუსაძლისი მდგომარეობა. გაუცემელი იყო ექვსი თვის ხელფასები იმის გამო, რომ საბჭოთა მანეთი აღარ იყო, ამოიწურა და რუსეთი ახალ ფულს არ იძლეოდა. ამიტომ მაშინვე შევქმენით სამთავრობო კომისია, რომლის თავმჯდომარე მე ვიყავი, და მივიღეთ გადაწყვეტილება ახალი ეროვნული ვალუტის შექმნაზე“.

თენგიზ სიგუა

და მართლაც, საქართველოს მთავრობამ 1992 წლის 15 აპრილს გამოსცა ნომერი 421-ე დადგენილება ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ. დადგენილებას ხელს აწერდა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თენგიზ სიგუა, რომლის თქმითაც, ლარის შექმნის პროცესი მნიშვნელოვნად დააჩქარა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯანო ბაგრატიონმა:

„ჩემთან მოსული იყო სპორტის საკითხზე, მაგრამ მითხრა ასეთი რამ: გავიგე, ბატონო თენგიზ, რომ ქართული ფულის შემოღებას და დაბეჭდვას აპირებთო და მე მაქვს ერთი წინადადებაო. კარგად ვიცნობ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების შთამომავალს, გვარად გედევანიშვილს, რომელიც სწორედ იმ ფირმაში ("ფრანსუა შარლ ობერტიური") მუშაობს, სადაც ფრანგული ფული იბეჭდება. შეგახვედრებთ ამ კაცს, სულით და გულით ქართველია და აუცილებლად გაგვიწევს ანგარიშსო. ვიცი, რომ ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში ცდილობთ ფულის დაბეჭდვას და ძალიან ძვირი დაგიჯდებათო, ეს ჩვენი თანამემამულე კი გაცილებით იაფად გაგვიკეთებსო. დავეთანხმე და, მართლაც, ჩამოიყვანა. შევხვდი და, მართლაც, ძალიან მონდომებული აღმოჩნდა, რომ პირველი ქართული ფული მის კომპანიას დაებეჭდა“.

რატომ ლარი?

ვიკიპედიის მიხედვით, „ლარი“, ქართული ფულის ერთეულის სახელად 1991 წელს წამოაყენა აკადემიკოსმა ვასილ ჩანტლაძემ მინისტრთა კაბინეტისათვის შედგენილ პროექტში, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, პოზიცია, რომლის ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა ენათმეცნიერმა ლევან ღვინჯილიამ. 2015 წელს, როცა საქართველო ლარის 20 წლის იუბილეს აღნიშნავდა, ღვინჯილიამ რადიო თავისუფლებას უთხრა:

"თეთრი" - საქართველოს ეროვნული ვალუტა

„სამთავრობო კომისიას გადაწყვეტილი ჰქონდა ეროვნული ფულისთვის „ქართული მანეთი“ დაერქმია. როდესაც ეს შევიტყვე მხატვარ ნოდარ მალაზონიასგან, გამიჩნდა იდეა შემეთავაზებინა კომისიისათვის „ლარი“, შესაბამისი დასაბუთებითურთ. კომისიამ თითქოს თავიდან არ გაიზიარა ეს მოსაზრება, მაგრამ ერთხელ, სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე შესვენების დროს, შევარდნაძე და სიგუა საუბრობდნერნ ფოიეში, როცა სიგუამ მანიშნა მივახლოვებოდი. ამ დროს უთხრა შევარდნაძეს, რომ ლევანს წინადადება აქვს, მაგრამ კომისია მხარს არ უჭერსო. რა წინადადებააო, იკითხა შევარდნაძემ და ლარიო, უპასუხა სიგუამ. შევარდნაძე დაფიქრდა. კომენტარი არ გაუკეთებია, ნახევარი წუთი გაყუჩდა და მერე თქვა, არ ჟღერს ცუდადო. ამ ორმა სიტყვამ მეორე დღეს კომისიის სხდომაზე ეროვნული ვალუტის სახელწოდების ბედი გადაწყვიტა. კომისიამ, რომელიც ამ წინადადებას არ იღებდა, ასი პროცენტით დაუჭირა მხარი“.

"თავგატეხილი" იუბილარი

მთავრობის მკაცრი ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკის წყალობით, ლარს კუპონის მსგავსი დევალვაცია არ განუცდია. ლარის სტაბილურობა პირველად შეარყია რუსეთის 1998 წლის ფინანსურმა კრიზისმა, მაგრამ საგადასახადო რეფორმებით, ინვესტიციების მოზიდვით, პრივატიზაციის მაღალი ტემპით, სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკით, ლარმა კარგად გაუძლო მომდევნო საგარეო შოკებს: 2008 წლის ომსა და მსოფლიო ფინანსურ კრიზისს.

რომან გოცირიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფლი პრეზიდენტი

„2009 წელს ეკონომიკის ვარდნა იყო მინუს 4 %, მაგრამ ეს ლარს არ დასტყობია“, - ამბობს რომან გოცირიძე, -„ახლა რომ ამბობენ, ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადების შემცირებამ გამოიწვიაო, მაშინ 9 მლნ კი არა, 400 ათასი ტურისტიც არ იყო. მხოლოდ ვალუტის შემოდინება არ შველის საქმეს. ორი მხარე აქვს ამ საკითხს. მაკროეკონომიკური სტაბილურობა სწორი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკით მიიღწევა“.

დღეს საქართველოს ეროვნული ვალუტის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი - 3,22 ლარი. 2021 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონშიც ლარის კურსი 3,29 ნიშნულითაა განსაზღვრული.

„ადამიანს რომ თავი აქვს გატეხილი და არ “ედაბადებისდღეება”, ისეა ლარის საქმე“, - ამბობს გოცირიძე, რომელიც იუბილარს უსურვებს გამოჯანმრთელებას და სტაბილურობას, რაც შეუძლებელია სწორი მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის გამტარებელი მთავრობის გარეშე.