შაქარაშვილის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა იწყება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ.

19 ოქტომბერს, გორის რაიონული სასამართლო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპს იწყებს.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო შაქარაშვილის საქმის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდებზე იმსჯელებს.

რაც შეეხება ფეხბურთელის მკვლელობას, 109-ე მუხლს, რომელიც ბრალდებულს ასევე აქვთ წარდგენილი, საქმის ამ ეპიზოდს მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე, ბიძინა სტურუა განიხილავს, რაკიღა არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა, მკვლელობის მუხლით მიმდინარე საქმეში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე უარი განაცხადეს.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცედურა


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომამდე მოსამართლე 18 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთიანი სიიდან, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიას არაუმეტეს 300 პირის შემადგენლობით.

მხარეებს უფლება აქვთ, დაესწრონ მსაჯულების შერჩევის პროცედურას.

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე გამოძახების უწყება ეგზავნება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიის არაუმეტეს პირველ 150 კანდიდატს;

ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა ღიაა. ამ კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში (სასამართლო სხდომის საჯაროობა) სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის დახურვის შესახებ.

მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის აცილების შესახებ.

ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატისთვის დასმული შეკითხვები არ უნდა ხელყოფდეს მის პერსონალურ მონაცემებს, პროფესიულ ან/და კომერციულ საიდუმლოებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებისთვის.

მსაჯულობის კანდიდატს შეუძლია მოსამართლის წინაშე დააყენოს შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითოს იმ გარემოებაზე, რომელიც მას ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის უფლებამოსილების განხორციელებაში. თვითაცილება დასაბუთებული უნდა იყოს.

თუ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პირველ სხდომაზე ვერ შეირჩა ყველა ნაფიცი მსაჯული, მოსამართლე გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით და მოიწვევს დარჩენილ კანდიდატებს ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატთა სიიდან. თუ თვითაცილებისა და აცილების შემდეგ სიაში მსაჯულობის კანდიდატთა რაოდენობა 14-ზე ნაკლებია, მოსამართლე კვლავ გადადებს სხდომას არაუმეტეს 10 დღით.

აცილების შემდეგ დარჩენილ მსაჯულობის კანდიდატთაგან თორმეტს სხდომის თავმჯდომარე ნიშნავს ნაფიც მსაჯულად, ხოლო ორი საქმის განხილვაში მონაწილეობას მიიღებს, როგორც სათადარიგო მსაჯული.

ნაფიც მსაჯულთა უფლებები


ნაფიც მსაჯულს და ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატს უფლება აქვთ, დროულად მიიღონ სახელმწიფოსგან ყველა ხარჯის ანაზღაურება, რომლებიც პირდაპირაა დაკავშირებული მათ მიერ საკუთარი მოვალეობის შესრულებასთან. დღიური, სამგზავრო და სხვა პირდაპირი ხარჯების ანაზღაურების ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლო ნაფიცი მსაჯულების თანხმობით უზრუნველყოფს მათ გადაყვანას მათთვის საგანგებოდ გამოყოფილი ტრანსპორტით მათი საცხოვრებელი ან დროებითი განთავსების ადგილიდან შესაბამის სასამართლომდე და უკან.

დასაქმებულ პირს ნაფიც მსაჯულად სასამართლო პროცესში მონაწილეობის დროს უნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ანაზღაურება.

ვინ ვერ გახდება ნაფიცი მსაჯული


პირი ნაფიც მსაჯულად ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას, თუ ის არის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი; პროკურორი; გამომძიებელი; პოლიციელი; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურე; ადვოკატი; მოქმედი სამხედრო მოსამსახურე; სასულიერო პირი; ნასამართლევი; პირი, რომელსაც ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სახდელი დაედო, და ამ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთ წელზე ნაკლებია გასული; .

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე, თუკი უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; თუ ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; თუ ხანგრძლივად იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; თუ 70 წელს გადაცილებულია.

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილი ვერდიქტების სტატისტიკა

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლის ოქტომბრიდან, სისხლის სამართლის რეფორმის ფარგლებში დაინერგა. პირველი პროცესი, რომელშიც ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს მონაწილეობა, 2011 წლის 9 ნოემბერს მოეწყო. 18 ნოემბერს, 12-მა მსაჯულმა სამი ადამიანის მკვლელობასა და ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებულ რევაზ დემეტრაშვილს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის და მათი რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებიდან 2020 წლის პირველ ივლისამდე, საქართველოს სასამართლოებში, ნაფიცმა მსაჯულებმა სულ განიხილეს 46 სისხლის სამართლის საქმე, 59 პირის მიმართ.
  • 59 ბრალდებულიდან, 41 ბრალდებულის მიმართ მიღებულ იქნა გამამტყუნებელი, 18 პირის მიმართ კი გამამართლებელი განაჩენი.
  • 49 გამამტყუნებელი განაჩენიდან, 35 პირს მიესაჯა ვადიანი თავისუფლების აღკვეთა; 4 პირს - უვადო თავისუფლების აღკვეთა; 1 პირს - ჯარიმა; 1 პირი გათავისუფლდა ამნისტიით.
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ ვერდიქტი გამოტანილ იქნა 5 ქალის და 54 კაცის მიმართ.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები შექმნილია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლოებში.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სულ 17 პირია დაკავებული. გამოძიება კი ოთხი მუხლით მიმდინარეობს. ესენია: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.

ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, ის სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.

ამავე თემაზე: მოითხოვენ შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულები ნაფიც მსაჯულებს?