„დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები იმსახურებენ, რომ იყვნენ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის წევრები და ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მთელი რეგიონის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას“, - აღნიშნა ერი წლის წინ ჯო ბაიდენმა.
ჩრდილოეთ მაკედონია დასავლეთ ბალკანეთის მესამე სახელმწიფოა, რომელიც მარტის თვეში ოფიციალურად გახდა ნატოს წევრი.
რუსეთისათვის, რომელიც ბალკანეთის რეგიონში ცდილობს ტრადიციული გავლენის შენარჩუნებას, ეს გადაწყვეტილება მიუღებელი აღმოჩნდა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოველგვარი ფანფარის გარეშე დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ მაკედონიის დასავლურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანებას. ტრამპს ამ ამბის შესახებ არაფერი დაუწერია ტვიტერში, სამყაროსთან მისი კომუნიკაციის ერთ-ერთ უმთავრეს საინფორმაციო არხში.
სხვათა შორის, ტრამპს ტვიტერით არ მიულოცავს ნატოში გაწევრიანება არც მონტენეგროსთვის, დასავლეთ ბალკანეთის კიდევ ერთი სახელმწიფოსთვის, რომელიც ალიანსის წევრი გახდა მისი პრეზიდენტად არჩევიდან მალევე.
ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა ნატო, რომელსაც ძირითადად სარგებელი მოაქვს ევროპისათვის, მაშინ როცა ალიანსის შენახვაზე ყველაზე მეტ ფულს აშშ ხარჯავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა კოლექტიური თავდაცვის შესახებ ნატოს შეთანხმების მეხუთე მუხლის მიმართ აშშ-ის ერთგულება, როდესაც 2018 წელს იკითხა, რატომ უნდა იომონ ამერიკელმა სამხედროებმა ისეთი პატარა ქვენისთვის, როგორიც მონტენეგროაო.
„ტრამპი ამერიკის ტერიტორიის დაცვას მიიჩნევს ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით მის წინაშე მდგარ უმთავრეს ამოცანად და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკული ჯარის საზღვარგარეთ ყოფნას“, - ამბობს მირა რაპ-ჰოპერი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
მეორე მხრივ, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ნატო ემსახურება ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს და ხელს უწყობს კეთილდღეობას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ საკუთარ ქვეყანაშიც.
აშშ-ის კონგრესის ცალკეულმა წარმომადგენლებმა, ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა წევრებმა და ევროპელმა ანალიტიკოსებმა გამოთქვეს შეშფოთება, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა გამოიყვანოს აშშ ნატოდან, თუ ის მეორე ვადით იქნება არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად.
ამ შეშფოთებას ივნისში გამოეხმაურა ჯო ბაიდენიც: „ჩვენ ვიცით, რომ ნატო დაიშლება, თუ ტრამპს მომდევნო 4 წლითაც აირჩევენ“, - თქვა მან.
ამ შეშფოთების კვალობაზე, გასული წლის დეკემბერში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო ორპარტიული რეზოლუციის პროექტი, რომლითაც აუცილებელი ხდება სენატის თანხმობა ქვეყნის ნატოდან გასვლის განზრახვის შემთხვევაში, თუმცა ამ საკანონმდებლო ცვლილებას კენჭისყრის პროცესის გავლა ჯერ კიდევ წინ აქვს.
თუ გინდა დაცვა, გადაიხადე
ნატო, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, 1949 წელს დააარსა 12-მა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დასავლეთ ევროპის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად და საბჭოთა კავშირიდან მომდინარე საფრთხის შეკავების მიზნით. ნატოს, რომელშიც 1980-იან წლებში 16 წევრი სახელმწიფო იყო გაერთიანებული, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოსკოვის გავლენით მოქმედი „ვარშავის ხელშეკრულების“ წევრი აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი ბალტიის რეგიონის ქვეყნებიც შეუერთდნენ.
ჯო ბაიდენი, რომელიც 1993-2008 წლებში აშშ-ის სენატორი გახლდათ, თანმიმდევრულად უჭერდა მხარს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროცესს. 2009 წელს, როდესაც კიევში იმყოფებოდა ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ჯო ბაიდენმა განაცხადა, აშშ მხარს დაუჭერს უკრაინას, თუ კიევი ნატოს ალიანსში გაწევრიანებას გადაწყვეტსო.
2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიამ და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულმა რუსეთის აგრესიულმა ნაბიჯებმა, იქნებოდა ეს კიბერთავდასხმა თუ სადეზინფორმაციო კამპანია, გააძლიერა ვაშინგტონის ყურადღება მოსკოვიდან მომდინარე პოტენციური საფრთხეების მიმართ.
მაგრამ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა დონალდ ტრამპმა, რომელიც პირველ ადგილზე აყენებს აშშ-ის უსაფრთხოებას. როდესაც საქმე ეხება ნატოს ალიანსს, სავაჭრო შეთანხმებებს და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობას, ტრამპი ამტკიცებს, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებმა არასამართლიანად გამოიყენეს აშშ-ის უპირატესობა.
იგი ხშირად აკრიტიკებდა ნატოს წევრ ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც არ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას და, ამერიკის დაფინანსების იმედზე მყოფნი, არ ხარჯავენ საკუთარ თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 %-ს, რასაც მათ ავალდებულებს ალიანსის წევრობა.
აშშ-ის პრეზიდენტები მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ დაერწმუნებინათ ევროპელი პარტნიორები, მეტი თანხები დაეხარჯათ თავდაცვაზე, მაგრამ ტრამპის მსგავსად არც ერთ ლიდერს არ გაუკეთებია ეს ასე საჯარო კრიტიკის თანხლებით და არ დაუკავშირებია ევროპასთან აშშ-ის სამხედრო კავშირის ბედი ტრანსატლანტიკური სავაჭრო ურთიერთობის საკითხთან.
„აშშ-ის პრეზიდენტები მრავალი წლის განმავლობაში წარუმატებლად ცდილობდნენ დაერწმუნებინათ გერმანია და ნატოს სხვა მდიდარი სახელმწიფოები, რომ გაეღოთ მეტი თანხა საკუთარი თავის რუსეთისგან დასაცავად. ისინი გადასახადის მხოლოდ მცირე ნაწილს იხდიან. აშშ იხდის ძალიან ბევრს - ათობით მილიარდ დოლარს -ევროპის სუბსიდირებისთვის, მასთან ვაჭრობაში კი ბევრს კარგავს“, - დაწერა თავის ერთ-ერთ ტვიტში 2018 წელს დონალდ ტრამპმა.
ნატოს დაფინანსების საკითხში დონალდ ტრამპის მთავარი რისხვის ობიექტად იქცა გერმანია, მოსახლეობისა და მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით სამხედრო ალიანსის მეორე წევრი.
ნატოს საწევროს საკითხში ბერლინთან უთანხმოების გამო, დონალდ ტრამპმა 2020 წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიიდან გაიყვანდა 12 ათას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს.
დონალდ ტრამპი ნატოს განიხილავს როგორც „მაფიური სტილის ერთგვარ თავდაცვის სქემას“, რომელშიც პატარა სუბიექტები გავლენიან პატრონს ფულს უხდიან თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, - განაცხადა 5 ოქტომბერს ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილმა მრჩეველმა, ფიონა ჰილმა.
როგორც ბრუკინგსის ინსტიტუტში გამართულ კონფერენციაზე აღნიშნა ფიონა ჰილმა, ტრამპს სურს, რომ ევროპელმა პარტნიორებმა ხელსაყრელი სავაჭრო შეთანხმება შესთავაზონ აშშ-ს, რომელიც მათ ნატოს საშუალებით იცავს.
ტრამპისა და ბაიდენის პრიორიტეტები
ნატოს მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ ურთიერთობა სხვა ევროპელ პარტნიორებთანაც გააფუჭა. 2019 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, განაცხადა, „ნატოს ტვინი კვდება“, რადგან, როგორც ჩანს, აშშ, პრეზიდენტ ტრამპის ლიდერობის ქვეშ, აპირებს „ზურგი შეგვაქციოსო“.
მაგრამ ნატოს თაობაზე დონალდ ტრამპის კომენტარები ყოველთვის როდი იყო ნეგატიური, ხოლო თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალი რანგის მოხელეები ცდილობდნენ შეერბილებინათ დაძაბულობა და, პრეზიდენტისგან განსხვავებით, საჯაროდ უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ავლენდნენ.
„სამყარო მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა უკვე ნატოც განიცდის ცვლილებას. მე ახლა ნატოს დიდ გულშემატკივრად გადავიქეცი, რადგან მისი წევრები უფრო დამყოლები გახდნენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა 2019 წელს ნატოს 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ლონდონის სამიტზე.
ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბეტგის თანახმად, ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის მიწურულს, 2020 წლის ბოლოსთვის, ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები და ასევე კანადა 130 მილიარდი დოლარით გაზრდიან თავიანთ თავდაცვით ბიუჯეტებს.
„ეს არის უპრეცედენტო ამბავი. ეს ნატოს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა ლონდონში, დონალდ ტრამპთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო შეეცადა გაეფანტა დონალდ ტრამპის მიერ კოლექტიური თავდაცვის შესახებ გამოთქმული შეფასებებით გამოწვეული შეშფოთება. გასული წლის ნოემბერში, მოკავშირე ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრაზე, პომპეომ „ყინულმჭრელი“ უწოდა ნატოს მე-5 მუხლს.
„ჩვენ მოკავშირეების გვერდით ვიდექით 70 წლის განმავლობაში და და მომავალშიც მათთან ერთად წინ აღვუდგებით ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ყველა სახის მუქარას“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.
ვაშინგტონში მდებარე ანალიტიკურ ცენტრ „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ თანამშრომელი ლუკ კოფი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის რიტორიკისა და გერმანიიდან სამხედრო ძალის ნაწილის გაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაციამ „რამდენიმე კარგი საქმე გააკეთა“ ნატოს გასაძლიერებლად.
როგორ ლუკ კოფიმ რადიო თავისუფლებას უთხრა, ტრამპის ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად უფრო მეტი თანხა დახარჯა ევროპის თავდაცვის ინიციატივაში (EDI), ვიდრე ბარაკ ობამამ; მტკიცედ დაუჭირა მხარი სამი ზღვის ინიციატივას; ტრამპის ადმინისტრაციამ გაზარდა სამხედრო ძალის რაოდენობა პოლონეთში და ლეტალური იარაღი გაუგზავნა უკრაინას.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შემუშავებული ნატოს ევროპის თავდაცვის ინიციატივა (EDI) ითვალისწინებს აშშ-ის ნატოელი მოკავშირეების დაცვას რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, სამხედრო ძალების განლაგებას როტაციის პრინციპით და ინვესტირებას ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
ხოლო სამი ზღვის ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მათზე რუსეთის გავლენის შესამცირებლად.
ლუკ კოფის თანახმად, დონალდ ტრამპმა ასევე გამოავლინა ნატოს ცენტრალურ და აღმოსავლეთევროპელ პარტნიორებთან თანაშრომლობის დიდი უნარი, რათა არ ყოფილიყო დამოკიდებული მხოლოდ დასავლეთ ევროპის დედაქალაქებთან ტრადიციულ კავშირებზე.
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში უმასპინძლა ცენტარლური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს, მათ შორის პოლონეთის პრეზიდენტს ანჯეი დუდას, უნგრეთი პრეზიდენტს ვიქტორ ორბანსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს ბოიკო ბორისოვს. აღსანიშნავია, რომ სამივე ლიდერს აკრიტიკებენ დემოკრატიის პრინციპებიდან გადახვევის გამო, რაზეც დონალდ ტრამპს საჯაროდ არასოდეს უსაუბრია.
2019 წლის დეკემბერში გაკეთებულ განცხადებაში ჯო ბაიდენმა ყურადღება გაამახვილა „ავტორიტარიზმის ტენდენციების“ ზრდაზე „საკუთრივ ნატოს წევრ ქვეყნებში“, რასაც აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ალიანსისათვის საფრთხე უწოდა.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ის დემოკრატიიდან გადახვევის პრობლემებზე ილაპარაკებს სამიტებსა და ორმხრივ შეხვედრებზე.
ბაიდენის თანახმად, მისთვის პრიორიტეტული იქნება „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება ალიანსის იმ წევრ ქვეყნებში, რომლებიც არ უპასუხებენ ნატოს ძირითად ფასეულობებს. დემოკრატიული და თავისუფალი ინსტიტუტები ჩვენი ალიანსის საფუძველია და ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გასაძლიერებლად აუცილებელია მათი დაცვა“, - აცხადებს ჯო ბაიდენი.