ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განხილვას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის წევრი და "ლელოს" ვაკის მაჟორიტარი კანდიდატი, ლევან კობერიძე არჩევნების გადადების საკითხზე სამსჯელოდ პარლამენტში რიგგარეშე სხდომის გამართვას ითხოვს. მან ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა და პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, დიმიტრი ხუნდაძეს მიმართა.

"მივმართავ როგორც კოლეგებს, ისე ოპონენტებს - ამოვიდეთ არა საკუთარი, ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესებიდან, თუ ვის როდის გვაძლევს ხელს არჩევნების ჩატარება, არამედ მოსახლეობის საუკეთესო ინტერესებიდან და მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც არ დააზარალებს ჩვენს მოქალაქეებს", - აცხადებს კობერიძე.

საქართველოში თითქმის ყოველდღიურად მყარდება კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსი 887 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 15 ათას გადააჭარბა, გარდაიცვალა 124 ადამიანი. ეპიდსიტუაციის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ხელისუფლება არჩევნების თარიღის გადადებაზე არ ფიქრობს. საპარლამენტო არჩევნები ორ კვირაში, 31 ოქტომბერსაა ჩანიშნული.