„კარტოგრაფების საქმესთან“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო კავშირზე დასმულ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.
„რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ეს არის სრულად გამოძიების პრეროგატივა. გამოძიება სად მივა, ქვეყანაში ინდულგენცია არ აქვს არავის. თან, მით უმეტეს, ბატონი სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება რაღაც სიახლე. ერთი და ორი არ დაწყებულა. ამიტომ ეს არის სრულად გამოძიების კომპეტენციაა და რასაც გამოძიება გადაწყვეტს, არანაირი შეზღუდვა ამ გამოძიებას ვერ ექნება“, - თქვა გახარიამ.
როგორც მთავრობის მეთაური ამბობს, აზერბაიჯანი არის საქართველოს მეზობელი, მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. მისი თქმით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც ეხება საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას, ეს არის ორმხრივი თემა, რომელიც გადაწყდება სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში.
8 ოქტომბერს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას.
მათ წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას, მიმართულს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ, ან საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით 3500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.
დაკავებულები დანაშაულს არ აღიარებენ.