გიორგი გახარია: არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში არჩევნების გადადების საფუძველი არ არსებობს:

„დღეის მდგომარეობით არანაირი საფუძველი არჩევნების გადადებაზე ფიქრის არ არსებობს. ეს არის ოფიციალური პოზიცია.“, - თქვა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მან აღნიშნა, რომ მთავრობა პროცესებს მართავს და კოვიდინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის შეჩერებაც მოსალოდნელი არ არის:

„არ შეჩერდება. ჩვენ რაც დღეს ვთქვით, რესტორნების მუშაობის ვადის შეზღუდვითაც ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა არ შეჩერდება. უბრალოდ ჩვენ ამით შეგვიძლია ზემოქმედება მოვახდინოთ დროზე, რა სისწრაფით მოხდება ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა. ეს მოგვეხმარება ამ დროის სისწრაფის კონტროლში. ისევე როგორც ყველაზე უფრო ქმედითი ინსტრუმენტი არის პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ამიტომ რაც უფრო მეტი პირბადე იქნება ქალაქში რაც უფრო მეტი პირბადიანი ადამიანი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ინფექციის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. აქედან 366 თბილისშია დადასტურებული, 286 აჭარაში და 104 იმერეთში.

სულ საქართველოში თებერვლიდან დღემდე კორონავირუსი 14 440 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 7367, გარდაცვლილია -113.