EMC-ის, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება მისი მკურნალობის ტაქტიკაც.
როგორც EMC განმარტავს, ორგანიზაციამ მაისიდან სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულების დაწესებულებას და გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოითხოვა მისთვის საჭირო კვლევების ჩატარება და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვა. დაწესებულება მოთხოვნას, "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანახმად, მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე რადიო თავისუფლებასთან კომენტარი გააკეთა მისმა ძმამაც. თორნიკე მამალაძის თქმით, 15 ოქტომბრის დილისთვის გაირკვევა, კონკრეტულად რომელ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანენ გამოკვლევებისთვის გიორგი მამალაძეს:
„ხვალ უნდა გადმოიყვანონ, როგორც გვითხრეს "ავერსის" კლინიკაში, კვლევები უნდა ჩაუტარდეს, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ გადმოვიყვანოთ "ნიუ ჰოსპიტალის" კლინიკაში და, სავარაუდოდ, დილის 11 საათისთვის გვეცოდინება, დაგვთანხმდებიან თუ არა "ნიუ ჰოსპიტალზე", - უთხრა რადიო თავისუფლებას თორნიკე მამალაძემ.
რადიო თავისუფლებამ განმარტება დეკანოზ გიორგი მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის საკითხზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურიდანაც მიიღო. ამ განმარტების თანახმად, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, არ დამძიმებულა და მას სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში დიაგნოზიდან გამომდინარე სერვისი მიეწოდება:
"ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანას, ამის საჭიროება არ დგას", - უთხრეს რადიო თავისუფლებას სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი ინტერესების დამცველის EMC-სა და ოჯახის თანახმად, მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურები, რომელზეც ატროფიის ნიშნები აღენიშნება და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.
"სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას.
როგორც ცნობილია, N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რომელიც ექსპერტთა აზრით მამალაძისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველს ჰქმნიდა. თუმცა, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებით", - აღნიშნულია EMC-ის განცხადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს ე.წ. ციანიდის საქმეზე. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.