ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 შემთხვევა დაადასტურეს, რაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ პანდემიის დაწყებიდან სულ აღრიცხულია 173 შემთხვევა, მათგან 83 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.
13 ოქტომბერს, დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის პრესმდივანმა, დინა გასეევამ განაცხადა, რომ კორონავირუსი აქვს. მისივე ინფორმაციით, თავად ბიბილოვის ტესტირების პასუხი უარყოფითია.
კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ცხინვალის ორ სკოლაში და ზნაურის და ჯავის საბავშვო ბაღებში ორკვირიანი კარანტინი გამოცხადდა.