კარტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, დავით ხიდაშელი აცხადებს, რომ მის მიმართ ცლისიმწამებლური და შეურაცხმყოფელი ბრალდებები ვრცელდება და ამის საპასუხოდ ის განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში, რომელიც მან რადიო თავისუფლებას მიაწოდა კარტოგრაფიული მასალის საგამოძიებო უწყებებისთვის მიწოდების დეტალებზე საუბრობს:
"აღნიშნული კარტოგრაფილი მასალა რომელიმე ხელისუფლებისთვის არ ჩამომიტანია. მე ჩემს სამშობლოს, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, მათ შორის იმათაც, ვინც თავს მესხმის, ის მტკიცებულებები დავუბრუნე, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დროს. ნუთუ ქვეყნის სამსახური და მისი ინტერესების დაცვაში მოკრძალებული წვლილის შეტანა დანაშაულია?!" - აღნიშნა მან.
განცხადების ბოლოს ის ამბობს, რომ ამ საკითხზე მედიასთან კომუნიკაციას აღარ გეგმავს. ამ დრომდე ასე იყო ცნობილი, რომ მას ამ საკითხზე ბრიფინგი უნდა გაემართა:
"მეტ საჯარო კომუნიკაციას, ამ ეტაპზე, არ ვგეგმავ. აქვე, მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ მედიასაშუალების წარმომადგენელს, ვისაც არც ადამიანური და არც პროფესიული ეთიკა არ დაურღვევია და გულწრფელად სურდა ჩემთან შეხვედრა. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში, თუ ამის აუცილებლობა დადგა, გაფართოებულ ფორმატში შევხვდე მათ წარმომადგენლებს.
დავით ხიდაშელის ჩვენების მიხედვით, მას ერთი წლის წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ შუამავლის მეშვეობით 1936-1938 წლებში გამოცემული საქართველოს რუკების მოძიება სთხოვა. ხიდაშელი რუკებს რუსეთის სამ სხვადასხვა ორგანიზაციასა და საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის არქივში ეძებდა.
საქმე საქართველო-აზრებაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესს ეხება, რომელიც 1996 წელს დაიწყო. ორი ქვეყნის კომისიების დონეზე 24 წლის განმავლობაში საზღვრის მხოლოდ 66 პროცენტია შეთანხმებული. საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზეა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლის, VI საუკუნეში აშენებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაახლოებით 2%.
ამ საქმეზე 29 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარი იყო, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
7 ოქტომბერს ამ საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს. გამოძიების თანახმად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩევას დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, საქართველოს ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიების, დაახლოებით, 3 500 ჰექტარი ფართობის დაკარგვის საფრთხე შეიქმნა.
გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ არა 1938 წლის, არამედ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქართველოს ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებით.