ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა, კორონავირუსის კლინიკური მართვის ჯგუფის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარდაცვალების მიზეზებზე ილაპარაკა.
როგორც ცერცვაძე ამბობს, გარდაცვლილთა შორის ასაკის ფაქტორი დომინირებს, მაგრამ ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 43 წლის იყო. იმუნოლოგის განმარტებით, „მას ჰქონდა მენინგიტი, ენცეფალიტი... როგორი პაციენტებია, იცით?! რომლებიც მძიმე პაციენტები არიან, წვანან კლინიკებში და დამატებით დაემართათ COVID-ი. ან ბინაში იმყოფებოდნენ, ჰქონდათ გადატანილი გულის ოპერაცია, 4-5 შუნტი ადევთ, ინფარქტგადატანილები, ინსულტგადატანილები. გარდაცვლილებს შორის რამდენიმე იყო ინსულტგადატანილი“.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, გამოისახა ტენდენცია, რომ გარდაცვლილებს შორის ჭარბობს ისევ ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული ხალხი და [პაციენტები] მძიმე თანმხლები დაავადებებით. მანვე დაამატა, რომ გარდაცვლილთა დაახლოებით 10% 65 წლის ასაკზე ქვემოთ არის.
როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, გამოისახა ასევე ტენდენცია, რომ COVID-ი არის დაავადება, რომლის დროსაც მოსალოდნელია სწრაფი დამძიმება და თუ არ იქნა მყისიერი რეაგირება, შეიძლება, პაციენტი გარდაიცვალოს თრომბოემბოლური გართულებით, გულის გაჩერებით ან სხვა პათოლოგიით.
„ერთეული შემთხვევები იყო, როდესაც პაციენტი მარტო COVID-ით გარდაიცვალა, სულ 2-3 შემთხვევა იყო“, - აცხადებს ცერცვაძე.
საქართველოში პაციენტების მკურნალობის სამი გრადაციაა: უსიმპტომო ან მსუბუქი სიმპტომიანი პაციენტები რჩებიან სახლში; შედარებით მსუბუქი, მაგრამ მაინც სიმპტომებიანი - მიდიან საკარანტინო სასტუმროში და იქ მკურნალობენ; ხოლო ყველა საშუალო და მძიმე პაციენტი ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას.
საქართველოში კორონავირუსის 12 841 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 6867, გარდაიცვალა 102 ადამიანი.