საქართველოს რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით - თენგიზ ცერცვაძე

.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტ "რემდესივირს" ოქტომბრის ბოლოსთვის მიიღებს, უფრო შორეულ პერსპექტივაში კი, პაციენტებს მონოკლონური ანტისხეულებით უმკურნალებენ.

ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადა, სადაც ესწრებოდა რეანიმატოლოგთა ჯგუფისა და ჯანდაცვის მინისტრის შეხვედრას.

„იოლი არ იყო, მთელი მსოფლიო რიგში დგას ამ მედიკამენტის [რემდესივირის] და, გარდა ამისა, არის ათასი ბიუროკრატიული პროცედურა, მათ შორის მოწოდების ბიუროკრატიაც. ზოგ შემთხვევაში 2 თვე სჭირდება მოწოდებას. აქ გამოინახა მექანიზმები, რომ სადღაც 10 თუ 14 დღეში, ამას კიდევ დავაზუსტებთ, მოწოდება განხორციელდება და 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, ვინც, სამწუხაროდ, ავად გახდა და ვისაც აქვს მძიმე ფორმა ან კრიტიკულად მძიმე, ყველაფერ იმასთან, რაც აქამდეც ჰქონდათ, ეს იყო უმაღლესი სტანდარტის ზოგადი თერაპია, სტანდარტული თერაპია-მოვლა, ზოგიერთი ინოვაციური მიდგომა, როგორიც იყო მაგალითაც პლაზმის გადასხმა და სხვა, დაემატება დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება "რემდესივირი"“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ცოტა უფრო შორეულ მომავალში, ამერიკის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის და კოპენჰაგენის უნივერსიტეტის აივ პროგრამის დირექტორის იენს ლუნდგრენის უშუალო რეკომენდაციით, პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა.

„მომავალში, ცოტა უფრო შორეულ მომავალში, ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულები, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას პირადად მსოფლიო ორი ლიდერის ენტონი ფაუჩის და იენს ლუნდგრენის პირადი რეკომენდაციით და საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკურნალობის სქემა მისმა ექიმმა შონ კოლნიმ გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც, მას მონოკლონური ანტისხეულების კოქტეილით, სტეროიდ დექსამეტაზონით და სხვა მედიკამენტებით მკურნალობდნენ.

თენგიზ ცერცვაძემ 6 ოქტომბერს განაცხადა, რომ „2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები“.

მოლოდინი იმის შესახებ, რომ საქართველო „რემდესივირს“ კვლევის ფარგლებში მიიღებდა, მაისის თვეშიც არსებობდა. გაზაფხულზე საქართველოს "სოლიდარობის კვლევაში" ჩართვის ბარიერად კოვიდპაციენტების მცირე რაოდენობა და მათი მსუბუქი მდგომარეობა სახელდებოდა.

პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ გადაუდებელ შემთხვევებში ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისიდან დაუშვეს. მედიკამენტის ეფექტურობაზე კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ჯერ კიდევ არაერთი კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ მათი დასრულების შემდეგ გადაწყდება მისი მასობრივი გამოყენების საკითხი. რემდესივირის გარდა, მედიკოსები კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან აქტიურად იყენებენ ასევე პრეპარატ დექსამეტაზონს, რომელიც იაფი და ფართო გავრცელების სტერეოიდია და, მკვლევრების მტკიცებით, მძიმედ დაავადებული პაციენტების სიკვდილიანობას, დაახლოებით, ერთი მესამედით ამცირებს.

ასევე ნახეთ: რას წარმოადგენს წამალი რემდესივირი?