ევროკავშირი აცხადებს, რომ მზადაა სანქციები დაუწესოს ლუკაშენკას

ევროკავშირი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მზადაა შემზღუდველი ზომები დაუწესოს ბელარუსის ავტოკრატ ლიდერს, ალექსანდრ ლუკაშენკას, ქვეყანაში დარღვევებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების და შემდეგ ამ არჩევნების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ რეპრესიების გამო.

ლუქსემბურგში 12 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე 27-წევრიანი ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ ბელარუსში აგვისტოში ჩატარებული არჩევნები "არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი" და რომ ლუკაშენკას არ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმურობა.

მინისტრები თავიანთ განცხადებაში ასევე ხაზს უსვამენ "ბელარუსი ხალხის დემოკრატიულ უფლებას, თავიანთი პრეზიდენტი აირჩიონ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით, გარე ჩარევის გარეშე". ისინი მკაცრად გმობენ ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიებს და გამოდიან "ყველა განურჩევლად დაკავებული პირის" გათავისუფლების მოწოდებით.

მიმდინარე თვეში ბლოკი შეთანხმდა ვიზების აკრძალვასა და ქონების გაყინვაზე ბელარუსის 40 ოფიციალური პირისთვის, მათი როლის გამო დემონსტრანტებსა და ოპოზიციაზე განხორციელებულ ზეწოლაში, ისევე, როგორც არჩევნების გაყალბებაში. ლუკაშენკა სანქციების სიაში არ შეუყვანიათ, თუმცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ბლოკი მზადაა კიდევ შემოიღოს "შემზღუდველი ზომები უწყებების და მაღალჩინოსნების მიმართ, [ლუკაშენკას] ჩათვლით, თუკი ვითარება არ გაუმჯობესდება".