"ქართულმა ოცნებამ" რეკლამა "იმედსა" და "რუსთავი 2"-ში მიიტანა, "მთავარსა" და "TV პირველზე" - არა

მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" ფასიანი პოლიტიკური რეკლამა "იმედში", "ჯი-დი-ეს"-ში, "პოს ტვ"-სა და "რუსთავი 2"-ში მიიტანა, "მთავარზე", "ფორმულაზე", "TV პირველსა" და "კავკასიაზე" კი - არა. მონაცემები 11-30 სექტემბრის სარეკლამო ხარჯების შესახებ პარტიის 1-21 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციაშია ასახული.

დეკლარაციის მიხედვით, ნაციონალურ მაუწყებლებში, მმართველი პარტიის ხარჯები ასე გადანაწილდა:

  • "იმედი" - 456 833 ლარი;
  • "რუსთავი 2" - 403 331 ლარი;
  • "ჯი-დი-ეს" - 108 888 ლარი;
  • "პოს ტვ" - 25 032 ლარი.

"მთავარშიც, "TV პირველშიც", "ფორმულასა" და "კავკასიაშიც" მმართველმა პარტიამ უარი თქვა ფასიან რეკლამაზე, თუმცა ის იყენებს მისთვის გამოყოფილ უფასო დროს. სახელისუფლებო პარტიის გადაწყვეტილებას ტელევიზიებში ასე ხსნიან:

  • "მთავარი": "ისედაც არ თანამშრომლობენ ჩვენთან და ალბათ, ამ მიზეზით ამბობენ სარეკლამო თანამშრომლობაზე უარს";
  • "TV პირველი": "მარტო თავიანთ, პროსახელისუფლებო არხებზე აქვთ რეკლამა";
  • "ფორმულა": "იმ არხებზე მიაქვთ რეკლამა, სადაც კომფორტულად არიან და სტუმრადაც დადიან";
  • "კავკასია": "რომელი ტელევიზიაც ეჯავრებათ, იქ რეკლამას არ ათავსებენ".

რადიო თავისუფლება "ქართულ ოცნებას" დაუკავშირდა და მათგან ამ საკითხზე კომენტარს ელოდება. მმართველმა პარტიამ წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ახლა "რუსთავი 2"-თან თანამშრომლობის პრაქტიკაც შეცვალა. არხის მენეჯმენტის შეცვლამდე რეკლამა მხოლოდ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე თავსდებოდა, ახლა კი ხელშეკრულება საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დაიდო.

"არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის მიმართ რომ არ ვართ ლოიალურები, ამას ალბათ ხედავთ... ვისაც მოაქვს რეკლამა, უარს არავის არ ვეუბნებით... ჩემი აზრით, "რუსთავი 2" არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურებადი არხი და ვფიქრობ, რომ სანამ სხვა არხზე წაიღებს რეკლამას, ჩვენთან უნდა მოიტანოს", - უთხარა "რუსთავი 2"-ის დირექტორმა, პაატა სალიამ რადიო თავისუფლებას.