ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირების შემთხვევაში, სკოლები და სხვა დაწესებულებები სრულად არ დაიხურება

საილუსტრაციო ფოტო

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავრობა გააგრძელებს წერტილოვანი შეზღუდვების პრაქტიკას და სკოლები და სხვა დაწესებულებები სრულად არ დაიკეტება, ან ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით გადაწყდება კონკრეტული მოქმედების გეგმა.

„სკოლაში როცა გვაქვს ინფიცირების შემთხვევები, არ იკეტება მთლიანად სკოლა. თუ საჭიროა, იკეტება კლასი, ხდება ბავშვების თვითიზოლაციაში გადასვლა. თუ მასწავლებელს აქვს, შესაბამისად, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა, თვითიზოლაციაში გადასვლა და დაკვირვება შემდგომ 12 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების. ან ეპიდემიოლოგებთან შეთანხმებით ირჩევა ეს საკითხი, თუ საჭიროა, სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე ან კლასი გადადის დისტანციურ სწავლებაზე და ასე იქნება ბაღებთან მიმართებაში და სხვა დაწესებულებებთან მიმართებაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ეს მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ჯანდაცვის სექტორის სრული მზადყოფნისთვის, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ეკონომიკა იყოს გახსნილი არსებული რეკომენდაციების დაცვით.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 196 აჭარიდანაა.

კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 92-ს მიაღწია.