დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის 25 ათასი ვაქცინა უკვე საქართველოშია. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ვაქცინით, პირველ რიგში, აიცრებიან ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტები: ორსულები, მოხუცთა და ბავშვთა სახლების ბინადრები, საბავშვო ბაღების აღმზრდელები, აივინფიცირებული, ჰეპატიტის მქონე და დიალიზზე მყოფი პირები.
მანვე აღნიშნა, რომ დარჩენილი 110 ათასი ვაქცინა მომავალ კვირას შემოვა, რომლითაც დარჩენილი, დიდი რისკჯგუფები აიცრებიან. ესენი არიან: ექიმები, დიაბეტის მქონე პაციენტები და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები.
გამყრელიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ახლა მუშაობს, რათა დამატებით 100 ათასი ვაქცინა შეიძინოს.