ლუკაშენკა საპატიმროში შეხვდა პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ბაბარიკას და სხვა პოლიტპატიმრებს

ალექსანდრ ლუკაშენკა 10 ოქტომბერს მივიდა ბელარუსის უშიშროების სამსახურის საგამოძიებო იზოლატორში და შეხვდა ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს, ვიქტარ ბაბარიკას. ამის თაობაზე იტყობინება ტელეგრამის არხი „პულ პერვოვა“.

შეხვედრაზე იყო ასევე ვიქტორ ბაბარიკას შვილი, ედუარდი, ბელარუსის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრი ლილია ვლასოვა, მეწარმე იური ვოსკრესენსკი და პოლიტტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი.

არაფერს იტყობინებიან იმის შესახებ, თუ რაზე ილაპარაკა ლუკაშენკამ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებთან. ტელეგრამის არხის ცნობაში წერია, რომ „პრეზიდენტის მიზანია მოისმინოს ყველას აზრი“ და რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით, იქ ნათქვამი „საიდუმლოდ დარჩება“.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ოფიციალურად ალექსანდრ ლუკაშენკამ გაიმარჯვა, ქვეყანაში იმართება მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები, სხვათა შორის, კენჭისყრის შედეგების გაუქმებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლების დროს, რომელიც პოლიციამ არაერთხელ სასტიკად ჩაახშო, დაკავებულ იქნა ათი ათას ადამიანამდე, მათ შორის, ათეულობით ჟურნალისტი.

არჩევნების წინ ეკონომიკური დანაშაულის ბრალდებით დააპატიმრეს საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი, ვიქტარ ბაბარიკა, ახლა საპატიმროშია მისი შტაბის ხელმძღვანელი, მარია კალესნიკავა, რომელიც ეჭვმიტანილია ხელისუფლების მიტაცებისკენ მოწოდებაში.