დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახელმწიფომ უკვე შეიძინა სეზონური გრიპის ოთხვალენტიანი ვაქცინის 135 000 დოზა, რომლის პირველი პარტია, 25 000 დოზის ოდენობით საქართველოში ხვალ, 10 ოქტომბერს შემოვა. ამირან გამყრელიძის თანახმად, დარჩენილ 135 000 ვაქცინას ქვეყანა 20-დან 27 ოქტომბრამდე მიიღებს. ამას გარდა არსებობს პირობა, რომ იგივე მწარმოებელი საქართველოს 25 000 დოზით ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უზრუნველჰყოფს. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მუშაობა გრძელდება ნოემბრის მეორე ნახევარში კიდევ 100 000 დოზის შეძენაზე.
„ძალიან დიდი დეფიციტია დასავლური წარმოების ვაქცინების, გრიპის ვაქცინების მსოფლიო ბაზარზე, პირდაპირ გეტყვით. ამიტომ სახელმწიფო წელს შეიძენს დაახლოებით 250 000 დოზამდე ვაქცინას. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით რომ იგივე ან სხვა დასავლური მწარმოებლის ვაქცინა კიდევ დამატებითი მოცულობებით შევიძინოთ. ამავე დროს ალბათ კერძო სექტორი შემოიტანს დაახლოებით 40-დან 50 000 დოზამდე, როგორც მე მაქვს ინფორმაცია და წელს ეს მოცულობა იქნება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ ონლაინ ბრიფინგზე, სადაც გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის დირექტორმა ხათუნა ზახაშვილმა, თავის მხრივ, განმარტა, რომ სეზონური გრიპის ვაქცინის პირველი პარტია 25 000-ის მოცულობით მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლებს მოხმარდებათ:
„პირველი 25 000 დოზა გამიზნული უნდა იყოს ორსულების, დიალიზზე მყოფი პაციენტების და მათი მომვლელი პერსონალის, აივ ინფიცირებული პაციენტების, ც ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების, ბავშვთა სახლებისა და მოხუცთა თავშესაფრების ბინადრების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომსახურე პერსონალის ასაცრელად. ეს არის ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფები. რომელთაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეთ ვაქცინაცია“, - განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა ონლაინბრიფინგზე.
გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 527 ახალი შემთხვევა.ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 10752-მდე გაიზარდა. გარდაცვლილია 72 ადამიანი.