30 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის დასაცავად, თბილისიდან გარეჯში სტუდენტები გაეშურნენ. უფრო ზუსტად კი მათ, 1988 წელს, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან, საბჭოთა ჯარების საარტილერიო პოლიგონის გადატანა მოითხოვეს. ფართომასშტაბიანი აქციები ჯერ თბილისში, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში დაიწყო. რამდენიმე ხანში კი სტუდენტებმა გეზი დავით გარეჯისკენ აიღეს.
შეიძლება ითქვას, რომ „დავით გარეჯელი სტუდენტები“ ეროვნული მოძრაობის მთავარ საყრდენ ძალად იქცნენ. ისტორიკოსები, ხელოვნებათმცოდნეები, პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ გარდა იმისა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს უდიდესი რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ის ატარებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი სიმბოლოს სახელსაც.
80-იანი წლების მიწურულს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შექმნეს პრესკლუბი, რომელსაც სხვა სტუდენტებთან ერთად ფიქრია ჩიხრაძეც ჩაუდგა სათავეში და 1988 წლის სექტემბერში, მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან საბჭოთა პოლიგონის გადატანა მოითხოვეს.
ფიქრია ჩიხრაძე, რომლისთვისაც დავით გარეჯი ჯერ კიდევ სტუდენტობიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი და მტკივნეული თემაა, განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარშემო წამოწყებულ გამოძიებას, ე.წ. „კარტოგრაფების საქმეს“, რომელიც უკანასკნელი დღეების ყველაზე აქტუალურ თემად იქცა.
ასევე ნახეთ დაუდგენელი მოტივი, დაუსრულებელი დანაშაული, დამალული რუკა - რა გამოიძია პროკურატურამსახელმწიფო ბრალდების საფუძველზე, მეზობელ ქვეყნებთან საზღვრის დადგენის კომისიის ორ ყოფილ წევრს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, თბილისის საქალაქო სასამართლომ, 8 ოქტომბერს, გვიან ღამით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდების მტკიცებით, საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრები აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას იმ რუკებს იყენებდნენ, რომელზეც საქართველოს საზღვრები აზერბაიჯანთან არასწორად არის დატანილი, მათ შორის დავით გარეჯის მონასტრის მონაკვეთთან. პროკურატურის განცხადებით, ისინი ამ რუკებს მიზანმიმართულად იყენებდნენ, რის გამოც შეიქმნა საფრთხე, რომ საქართველო ისტორიულად კუთვნილი ტერიტორიებს, ჯამში 3500-მდე ჰექტარს, დაკარგავდა. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ამ საქმეში, დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონია. არქიმანდრიტის განცხადებით, რუკების საკითხით ის 2014 წელს დაინტერესდა და დახმარება მაშინდელ თავდაცვის მინისტრსა და მისი ბავშვობის მეგობარს, ირაკლი ალასანიას სთხოვა.
არქიმანდრიტ კირიონს დავით გარეჯის გარშემო არსებულ პრობლემებზე, ფიქრია ჩიხრაძე ერთი წლის წინ ელაპარაკა. ის, რომ არქიმანდრიტს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე გული შესტკივა, ამაში ფიქრია ჩიხრაძეს ეჭვი არ ეპარება, თუმცა მისი თქმით, მეორე საკითხია, როგორ აქცია ხელისუფლებამ ეს საკითხი „წინასაარჩევნო ხაფანგად“.
ფიქრია ჩიხრაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს, როდესაც არჩევნებამდე სამი კვირაა დარჩენილი, დავით გარეჯის თემის „ხელოვნურად შემოგდება“, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური სპეკულაციის დატვირთვის მატარებელია, ხოლო თავად დავით გარეჯის პრობლემა, რომელიც წლებია გადაუჭრელ პრობლემად იქცა, ამ ფონზე, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს:
„არ შემიძლია ეჭვი შევიტანო მამა კირიონის გულწრფელობაში. ის წლებია გარეჯის მოძღვარია და წლების განმავლობაში მუშაობდა ამ თემაზე. მაგრამ მეორე საკითხია, როგორ მოატრიალა ხელისუფლებამ ეს პრობლემა. ხელისუფლების კომენტარებიდან გამომდინარე, ვხედავთ გაცხადებულ მიზანს, რომ ამ თემის წამოწევით, პოლიტიკური ფიგურა უნდა იქნას მიზანში ამოღებული. გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის პარანოიდულ ბრძოლას უნდა შეეწიროს დავით გარეჯისა და საქართველოს ეროვნული და სტრატეგიული ინტერესები. ის კაკაფონია, რისი მომსწრენიც დღეს ვართ, შესაძლოა იქცეს მეზობელ სახელმწიფოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვის საფუძვლად. თუ ვინმეს გარეჯი უყვარს და გარეჯზე გული შესტკივა, ამ თემას წინასაარჩევნო პერიოდში არ წამოსწევდა წინ“.
ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია, რომ დღეს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ისედაც რთული ვითარებაა მეზობლებს შორის, ამ ტიპის დაძაბული კერების გაჩენით იხეირებს ერთადერთი ქვეყანა, რუსეთი:
„მეშინია, რომ ჩვენი ხელისუფლების ამ მავნებლური საქციელით, როგორც დავით გარეჯს, ისე საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, საპატრიარქოსა და ეკლესიას ძალიან სერიოზული ზიანი მიადგება“.
ის, რომ რუსეთი ხელიდან არ უშვებს შანსს ისარგებლოს ადვილად ფეთქებადი კერებით და ეძებს პროვოკაციის გზებს სიტუაციის გასამწვავებლად, ამაში დარწმუნებულია მღვდელმონაზანი ანდრია სარიაც. სასულიერო პირი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დღეს სწორედ ეს უნდა გაიაზროს როგორც ქვეყანამ და ხელისუფლებამ, ისე საპატრიარქომ, რომელიც მისი სიტყვებით, ნებსით თუ უნებლიეთ, ამ პროვოკაციაში ერთვება:
„ფაქტია, რომ ამ პროცესში მთავრობა უკვე ჩათრეულია. ჩვენ გვახსოვს, გასულ წელს, რა შედეგები მოჰყვა საქართველოს პრეზიდენტის გარეჯიდან გაკეთებულ განცხადებებს. ცალსახაა, რომ ჩვენ გვინდა გარეჯი და მას არ დავთმობთ, ის ჩვენია, მაგრამ ეკლესიამ და საპატრიარქომ არ უნდა იტვირთოს სახელმწიფოს ტვირთი. ეს საკითხი, პირველ რიგში, ხელისუფლებების გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, ეკლესიამ უნდა ილაპარაკოს პრობლემებზე, მაგრამ აქ სწორი პოლიტიკაა უმნიშვნელოვანესი, რათა არ მივიღოთ გაცილებით რთული მდგომარეობა“.
ეკლესიის, საპატრიარქოს მცდელობა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი სრულად მოექცეს საქართველოს ტერიტორიაზე, აბსოლუტურად ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია ბექა მინდიაშვილს, ორგანიზაცია „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დამფუძნებელს“. ეს არა მხოლოდ საპატრიარქოს, არამედ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის სურვილი და მცდელობაა, ეუბნება ის რადიო თავისუფლებას. თუმცა, მისივე თქმით, ის, რაც დღეს ე.წ. „კარტოგრაფების საქმის“ კონტექსტში ხდება, ატარებს იდეოლოგიური დივერსიის ხასიათს საქართველოს წინააღმდეგ:
„კირიონი თავის სიმართლეს ამტკიცებს. მაგრამ ის, რომ კირიონის საუბრების შემდეგ, ქვეყანაში შიდაპოლიტიკური დაპირისპირება იჩენს თავს, მერე თითქოს საიდანღაც პოულობენ ამ სადავო რუკებს, რომელიც როგორც ჩანს, რუსეთიდან არის ჩამოტანილი, უკვე ძალიან მკაფიოდ იკვეთება ისეთი ორგანიზაციების ინტერესი, რომლებიც რუსულ პროექტებს ახორციელებენ საქართველოში, იქნება ეს „ქართული მარში“, „პატრიოტთა ალიანსი“ და ა.შ. ის თამაში, რომელშიც ახლა ხელისუფლება შევიდა, არის უკიდურესად სახიფათო და ის უკიდურესად დამაზარალებელი შეიძლება გახდეს სახელმწიფოსთვის, მათ შორის, გარეჯის საკითხის გადაწყვეტისათვის. ყველაზე მეტად მტკივნეული კი ის არის, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ეწირება ამ პოლიტიკურ ინტერესებს, რომლებიც რატომ არიან დაკავებულები, არავინ იცის“.
ასევე ნახეთ რა რუკებია „დავით გარეჯის საქმეში“?შეგახსენებთ, რომ პროკურატურის განცხადებით, „კარტოგრაფების საქმის“ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.
სახელმწიფო ბრალდება ამტკიცებს, რომ მათ მოიპოვეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ალბომები, სადაც საზღვრები 1938 წლის რუკაზე დაყრდნობით არ არის დატანილი. ბრალდება ამტკიცებს, რომ სწორედ ამ ალბომებს იყენებდნენ კომისიის წევრები დემარკაციის პროცესზე მსჯელობისას 2007 წლის ჩათვლით პერიოდში.
„არსად გაქცევას არ ვაპირებ, არსად მიმალვას, ვერც გაქცეული და ვერც აქ მყოფი, მე ამისთანა ბრალდებით, ვერ ვიცოცხლებ, არ შემიძლია...კირიონს ჰგონია, რომ რაღაც იცის. სინამდვილეში, საქართველოს საქმეს აფუჭებთ, ხალხო“, - ეს სიტყვები ივერი მელაშვილმა 8 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში წარმოთქვა. ასე მიმართა მან მოსამართლესა და პროკურატურას. არც ის და არც მისი კოლეგა, ნატალია ილიჩოვა, ბრალს არ აღიარებენ.
ივერი მელაშვილი ამბობს, რომ 1938 წლის რუკას, რომლის არ გამოყენებაც მისთვის ბრალდების წაყენების საფუძველი გახდა, იცნობდა როგორც ის, ასევე კომისიის სხვა წევრები, თუმცა არ იყენებდნენ იმის გამო, რომ მნიშვნელოვან ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავს.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსისა და „კარტოგრაფების საქმის“ გარშემო ღიად აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას საქართველოს საპატრიარქოც. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ „კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო საქართველოს საზიანოდ“. ეს განცხადება მან 7 ოქტომბერს გააკეთა.
9 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში კი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ საპატრიარქო ამ საკითხზე ფიქრობს, მხოლოდ და მხოლოდ, იმ თვალსაზრისით, რომ დავით გარეჯის კომპლექსი სრულად უნდა დარჩეს საზღვრის აქეთ. საკითხის გარშემო სხვა კონტექსტს, მათ შორის მოსაზრებას, რომ ამ თემამ წინასაარჩევნოდ საგანგებოდ წამოიწია, ის აბსოლუტურად გამორიცხავს:
„ისტორიული სამართლიანობა ნიშნავს, რომ საზღვარი უნდა გაივლოს ქედის იქით. ეკლესიის საუბარი დავით გარეჯზე დაიწყო 15 წლის წინ და მას შემდეგ, უამრავი არჩევნები ჩატარდა. ხან რა პროცესს დაემთხვევა და ხან რა პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტი რჩება ჩვენი საკუთრების და ჩვენი სიწმინდის ჩვენთან დარჩენა“.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 2,5 კილომეტრზეა განთავსებული. სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450 კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. სახელმწიფო საზღვრის კონკრეტული მონაკვეთის ბედი დღემდე გაურკვეველია. დავით გარეჯის კომპლექსთან და ზოგადად, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამ მონაკვეთთან დაკავშირებული პრობლემა წლებია, დროდადრო მწვავდება.
ასე გამწვავდა, მაგალითად, ვითარება იქ გასული წლის გაზაფხულზე, როდესაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან მისასვლელი გზა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ რამდენიმე დღით ჩაიკეტა.
გზა ჩაიკეტა იქ 2012 წელსაც. მაშინ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები უკან აბრუნებდნენ ტაძრისკენ მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 90-იანი წლების დასაწყისიდან, საქართველოსა და მის მეზობელ სახელმწიფოებს შორის წარმოიშვა სახელმწიფო საზღვრის ხაზის დადგენის აუცილებლობა, რისთვისაც 1994 წელს შეიქმნა საქართველოს სპეციალური სამთავრობო კომისია, რომლის ამოცანას წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საზღვრის დელიმიტაცია და დემარკაცია. ასე შეთანხმდა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დაახლოებით 66%. თუმცა, ამ შეთანხმებულ მონაკვეთში არ შედის დავით გარეჯის ნახევრად უდაბური კალთა, რომელზეც სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს.