„კარტოგრაფების საქმეს“ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურად მოტივირებულად აფასებენ

ივერი მელაშვილი

14 არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას აქვეყნებს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის საქმეზე. „კარტოგრაფიის საქმეს“ ისინი პოლიტიკურად მოტივირებულ გამოძიებად აფასებენ. მათ მიაჩნიათ, რომ გამოძიების დაწყების დრო, წინასაარჩევნო კონტექსტი, გამოძიების პროცესში შერჩევითი მიდგომის ნიშნები და მმართველი პარტიის ლიდერების უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გაკეთებული პოპულისტური განცხადებები აჩენს ეჭვს, რომ გამოძიება პოლიტიკურ მოტივაციებს ემსახურება და მიმართულია საქართველოს მოქალაქეებისთვის მცდარი წარმოდგენების შექმნისა და პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისაკენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ამ გამოძიების ინიცირება პოლიტიკურად მოტივირებულია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. გამოძიების დაწყების დრო: გამოძიება მიმდინარეობს წინასაარჩევნო პერიოდში საქართველოს მოქალაქეებისთვის უკიდურესად სენსიტიურ თემაზე. მსგავსი საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პერიოდში შესაძლებელია მიმართული იყოს ამომრჩევლებზე ზემოქმედებისკენ. ასეთ ქმედებებს მმართველი პარტია ადრეც ხშირად მიმართავდა წინასაარჩევნო პერიოდში. მაგალითად, ამ ტიპის გახმაურებულ საქმეებს შორის იყო ყოფილი პრემიერ მინისტრის ზურაბ ჟვანიას და ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემთხვევების გამოძიება. ამ საქმეებზე პოლიტიკოსებისა და ოფიციალური უწყებების საჯარო განცხადებები ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების მთავარი ინტერესი არა საქმის გამოძიება, არამედ ოპონენტებისთვის წინასაარჩევნო პერიოდში ზიანის მიყენება იყო.
  2. მმართველი პარტიის გამოხმაურება: ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა მიმდინარე საქმეზე, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევით, გააკეთეს პოლიტიზებული და პოპულისტური განცხადებები. სამწუხაროდ აღნიშნული განცხადებები იმ დროს გაკეთდა, როდესაც დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად არც კი ჰქონდათ წარდგენილი და აღკვეთის ღონისძიების თაობაზე სასამართლოს არ ჰქონდა ნამსჯელი.
  3. შერჩევითი მიდგომები გამოძიების პროცესში: პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდება კომისიის საქმიანობის 2005 - 2007 წლების პერიოდს შეეხება. იმის მიუხედავად, რომ 2005 წელს საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით იგი ამ დრომდე არ არის გამოკითხული. ივერი მელაშვილის განმარტებით, სადელიმიტაციო კომისიის თავმჯდომარე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და კომისიის საქმიანობა საგარეო საქმეთა სამინისტროს ეგიდით ხდებოდა. კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობილი იყო სალომე ზურაბიშვილისთვისაც. სხვადასხვა უწყების, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ასევე წარმოდგენილები იყვნენ კომისიაში.

განცხადების ხელმომწერთა აზრით, გამოძიების წინასაარჩევნო კონტექსტთან ერთად, ასევე საყურადღებოა აღნიშნული საქმის უფრო ფართო ჭრილში განხილვა და რეგიონში მეზობელ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საომარი მოქმედებების მიმდინარეობის დროს ამ თემის გააქტიურების მიზეზების გარკვევაც. მათი შეფასებით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსეთის ინტერესებშია საქართველოს არჩევნებში ჩარევა და დესტაბილიზაციის კერების გაღვივება, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვის მცდელობის გზითაც.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ტოპოგრაფიული რუკები თავდაცვის სამინისტროს რუსულ სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა მიაწოდა. მედიის ინფორმაციით, ეს დოკუმენტები მან რუსეთის საგარეო დაზვერვის საიდუმლო ოფიცრის, ოლეგ მუბარაშკინის დახმარებით მოიპოვა. ასევე გასათვალისწინებელია, რომ გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, დეპუტატ ირმა ინაშვილის მიერ 11 ივნისს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებული განცხადება, რითაც ის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას ითხოვდა. „პატრიოტთა ალიანსის” რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირის შესახებ საგამოძიებო ჟურნალისტური პლატფორმა, „დოსიე“ მიუთითებდა, თუმცა პროკურატურამ ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება არც კი დაიწყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ:

  • შეწყვიტოს წინასაარჩევნოდ მოსახლეობისათვის სენსიტიური თემებით მანიპულირება;
  • შეისწავლოს საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი;
  • უზრუნველყოს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას სამართლიანი სასამართლო პროცესი და არ დაუშვას უდანაშაულო პირთა უფლებების დარღვევა;
  • საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს საზოგადოების დროული ინფორმირება გამოძიების მსვლელობისა და შედეგების თაობაზე;
  • საქმეზე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მკაცრად დაიცვას უდანაშაულობის პრეზუმფცია და აღნიშნული საკითხი პოლიტიკური მიზნებისთვის არ გამოიყენოს.

განცხადების ხელმომწერები არიან:

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

ღია საზოგადოების ფონდი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება

მედიის განვითარების ფონდი

საზოგადოება და ბანკები

კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

საქართველოს რეფორმების ასოციაცია

საქართველოს ატლანტიკური საბჭო

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

სამოქალაქო განვითარების სააგენტო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საქართველოს გაეროს ასოციაცია