მცხეთის რაიონულ სასამართლოში, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.
8 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, შესავალი სიტყვა ბრალდების მხარემ თქვა. ამ სიტყვაში, პროკურატურა შეეცადა დაესაბუთებინა, რომ გიორგი შაქარაშვილი, 19 ივნისის ღამეს, სწორედ იმ ხუთმა ბრალდებულმა მოკლა, რომლებიც დღეს განსასჯელის სკამზე სხედან.
პროკურორი დავით ყაზარაშვილი დარწმუნებულია, რომ მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა მკვლელობის სურათის აღდგენის შესაძლებლობას იძლევა:
„რა თქმა უნდა, დანაშაული ჩადენილი აქვს ყველა იმ ბრალდებულს, რომლებიც წარმოდგენილნი არიან სასამართლოში. ჩვენ ვილაპარაკეთ, თუ რა გარემოებებში განხორციელდა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა. ჩვენ ასევე გავამახვილეთ ყურადღება იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ ქმედებას. ესენია მოწმეთა ჩვენებები, ვიდეო-მასალები, საგამოძიებო ექსპერიმენტები და ა.შ. ანუ, ვილაპარაკეთ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც ერთობლიობაში ქმნის იმის თქმის საფუძველს, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა სწორედ ამ ბრალდებულებმა ჩაიდინეს“.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას ბრალდება ხუთ პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ.-სა და ა.ქ.-ს ედავება. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს.
მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, რომ დანაშაული სწორედ ამ ხუთმა პირმა ჩაიდინა, დაცვის მხარე, ისევე როგორც წინა პერიოდში, 8 ოქტომბერს გამართული სხდომის შემდეგაც აცხადებდა, რომ პროკურატურამ საქმის არსებითი განხილვის პირველ სხდომაზე, ვერცერთ ისეთ მტკიცებულებაზე ვერ ილაპარაკა, რაც დაკავებულების ბრალეულობას დაადასტურებს.
ადვოკატი გიორგი გელხაური, საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ზ.ხ.-ს ინტერესების დამცველი, ამბობს, რომ 8 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ბრალდების მხარემ ყველაფერზე ილაპარაკა, გარდა ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალისა, თუ როგორ სცემეს ბრალდებულებმა ფეხბურთელს და შემდეგ როგორ ჩააგდეს წყალში:
„რა ვითარებაში განხორციელდა ეს პროცესი, ვინ დაინახა...მსგავსზე არაფერზე ულაპარაკია პროკურატურას. მათ ვერანაირი მტკიცებულება ვერ წარმოადგინეს. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება და შესაბამისად, ვერც იტყოდა ვერაფერს ბრალდების მხარე, როგორ მიაყენეს ფეხბურთელს დაზიანებები და როგორ აღმოჩნდა ის წყალში“.
საქმეში დანაშაულის მტკიცებულებების არ არსებობაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი ბრალდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი. ის დარწმუნებულია, რომ სამართლიანი მართლმსაჯულების პირობებში, მოსამართლე ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს ვერ გამოიტანს:
„ბრალდება ამბობს, რომ ეს ყველაფერი არის მათი მსჯელობა, ვარაუდი და სხვაგვარად, ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, რომ მტკიცებულებებით დაადასტურონ ეს ფაქტი. უბრალოდ, ისინი ამის დაშვებას აკეთებენ. ამბობენ, რომ მათ არ გააჩნიათ მტკიცებულებები, რადგან იმ კონკრეტულ ადგილას არ იყოს სათვალთვალო კამერები, არ იყვნენ თვითმხილველი მოწმეები და თავადვე უთითებენ, რომ ეს არის მათი ვარაუდი“.
ასევე ნახეთ შეცვლიდა თუ არა შაქარაშვილის საქმეს ბრალდებულების მონანიება?გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის მომდევნო სხდომა 15 ოქტომბერს დაინიშნა. სწორედ ამ სხდომაზე წარმოთქვამს საკუთარ სიტყვას დაცვის მხარე. ამის შემდეგ კი უკვე მტკიცებულებების განხილვა და მოწმეთა გამოკითხვები დაიწყება. საქმეზე, საერთო ჯამში, 100-მდე მოწმე უნდა გამოიკითხოს.
გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, საქმის ხუთ ბრალდებულს გამოძიებამ 11 აგვისტოს წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელით.
სულ, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული. გამოძიება კი ოთხი მუხლით მიმდინარეობს. ესენია: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
პროკურატურის ვერსიის თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრიდან“ გადმოსული მდევრების გამოჩენისას იკარგება.
ბრალდება ირწმუნება, რომ „ტოიოტა კამრის“ ხუთმა მგზავრმა, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ალყაში მოაქცია, რის გამოც გიორგი იძულებული გახდა, მდინარე არაგვისკენ, ციცაბო ბილიკზე დაშვებულიყო. მდევრები ფეხბურთელს არაგვის ნაპირზე წამოეწივნენ, ის სასტიკად სცემეს და შემდეგ წყალში გადააგდეს.
გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელი ასფიქსიით, ანუ წყალში დახრჩობით გარდაიცვალა. სხეულზე დაფიქსირებული დაზიანებები კი მას სიკვდილამდე 10-20 წუთით ადრე აქვს მიყენებული.