ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ პოლიცია 2009 წელს ლგბტ ორგანიზაცია ფონდ “ინკლუზივში” ჩატარებული რეიდის დროს განმცხადებლების წინააღმდეგ ღირსებისშემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობით გამოირჩეოდა და დაზარალებულებმა ვერ შეძლეს საქართველოში ეფექტური გამოძიებით სარგებლობა.
ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბერს, ფონდ “ინკლუზივის" ოფისში 17 პოლიციელის მიერ ჩატარებული რეიდის შესახებ მიმართეს. ამ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციის შენობაში პოლიციელები სპეციალური ფორმისა და სასამართლო განჩინების გარეშე მივიდნენ და ჩხრეკა ჩაატარეს, რის დროსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ პირებს, ექცეოდნენ დამამცირებლად, დასცინოდნენ გენდერული იდენტობის გამო და მათ მიმართ იყენებდნენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა “ავადმყოფი, “გარყვნილი” და ა.შ. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართალდამცველების ქმედება იყო ჰომოფობიური/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული.
2009 წლის დეკემბერში ფონდ “ინკლუზივის” ოფისში პოლიციელების მხრიდან ადგლი ჰქონდა ასევე ოფისის თანამშრომლების გაშიშვლებით ჩხრეკას, რომელიც ჩატარდა ოფისის ტუალეტში, “ცივ და ჭუჭყიან იატაკზე, სადაც პოლიციელები ქალებს დამამცირებლად ექცეოდნენ.” სამართალდამცველებს ჩხრეკის შესახებ ოქმი არ დაუწერიათ და ტანსაცმელი, რომელიც ქალებს გახადეს, არ გაუჩხრეკავთ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სახელმწიფოს მხარეს ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლების დარღვევა დაადგინა, რაც ადამიანის მიმართ ღირსებისშემლახველ, დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას გულისხმობს და საქართველოს სახელმწიფოს ორივე აპლიკანტისთვის არამატერიალური ზიანის საფუძველზე 2 000 ევროს გადახდა დააკისრა.
“პოლიციელთა ქცევა, ჰომოფობიური/ტრანსფობიური სიძულვილით მოტივირებული, ყოვლად უადგილო იყო. ოფიცრებმა არა მხოლოდ განზრახ შეურაცხყვეს განმცხადებლები სიძულვილის ენის გამოყენებით, არამედ მუქარებიც გააჟღერეს მათ მიმართ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია გაშიშვლებით ჩხრეკები, რომლის მიზეზებიც არც პოლიციას და არც მთავრობას გაუხმიანებიათ, რის გამოც სასამართლომ დაასკვნა, რომ მათი ერთადერთი მიზანი იყო განმცხადებლების შერცხვენა და დასჯა, ლგბტ საზოგადოებასთან მათი ასოცირების გამო”, – წერია სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაში.
ეს არის პირველი საჩივარი და პირველი გადაწყვეტილება, რომლითაც პოლიციის დისკრიმინაციული, ღირსებისშემლახველი მოპყრობა დადგინდა ქართული ლგბტქ ორგანიზაციის თანამშრომლების ან მასთან ასოცირებული პირების მიმართ.
სტრასბურგის სასამართლომდე ფონდ „ინკლუზივის“ თანამშრომლებმა საჩივრით ადგილობრივ საგამოძიებო სტრუქტურებსაც მიმართეს, თუმცა საქმე, რომელიც არა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის კვალიფიკაციით, პოლიციის მიერ ძალის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიწყო, მომხდარიდან 11 წლის შემდეგ, კვლავ წინასწარი გამოძიების ეტაპზეა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც საწყის ეტაპზე დაზარალებულების ინტერესებს იცავდა, 2009 წელსვე ამბობდა, რომ "ფონდ ინკლუზივის" შენობაში პოლიციელების ქმედება პროფესიული ეთიკის დარღვევა იყო და როგორც გენინსპექცია, ასევე სხვა შესაბამისი სტრუქტურები უნდა ჩართულიყვნენ ეფექტური გამოძიებისთვის. თავად ფონდმა კი მომხდარის შესახებ მალევე ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, აკრედიტებულ დიპლომატიურ სამსახურებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს.