სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, ედუარდ აღაჯანიანმა ფეისბუკით გამოაქვეყნა თანამემამულეებისადმი მიმართვა, რომელიც ეხება საქართველოს შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელებას.
ედუარდ აღაჯანიანი წერს, რომ ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში შეიმჩნევა საკმაოდ შემაშფოთებელი ტენდენცია, კერძოდ, ცნობილი და უცნობი ცენტრებიდან მართული ყალბი მომხმარებლები ცდილობენ საზოგადოებრივ განწყობაზე გავლენის მოხდენას და საქართველოს და ქართველ ხალხს წარმოაჩენენ ომში აზერბაიჯანის მხარდამჭერად.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსი თანამემამულეებს მოუწოდებს, არ აყვნენ პროვოკაციებს და გამორიცხონ მსგავსი დეზინფორმაციის შექმნა და გავრცელება.
აღაჯანიანის თანახმად, „სომხეთის და საქართველოს შესაბამისი უწყებები ეფექტურად თანამშრომლობენ იმისათვის, რომ გადაუდებლად მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც ყველას გვაწუხებს. ერთობლივი ძალისხმევით ბევრი პრობლემა უკვე გადაწყვეტილია. ჩვენი მოძმე ხალხების ათასწლოვანი მეგობრობა დაეჭვებას არ ექვემდებარება, რადგან საერთო, ღრმა ფასეულობებს ეფუძნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ აჰყვეთ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და შეინარჩუნეთ სოლიდარობა ქართველ ხალხთან, როგორც ონლაინ-სივრცეში, ისე მის მიღმა“.
6 ოქტომბერს, განცხადება გაავრცელა საქართველოში სომხეთის საელჩომაც და სიცრუე უწოდა გავრცელებულ ცნობებს, რომ საქართველო სომხეთს ხელს არ უშლის ჰუმანიტარული ტვირთისა და საწვავის მიღებაში.
მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლების გამო, საქართველოს მთავრობამ აკრძალა ქვეყნის გავლით სომხეთსა და აზერბაიჯანში სამხედრო დანიშნულების ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცემა. ამასთან, თბილისი აცხადებს, რომ ორივე ქვეყნისთვის სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის მიწოდება არ შეჩერებულა და ამ მხრივ, საქართველო საერთაშორისო ვალდებულებებს ასრულებს.