საქართველოს საპატრიარქო სასულიერო პირების შეხვედრის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და სხვა სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
როგორც საპატრიარქო აცხადებს, მნიშვნელოვანია, საქართველოს ეკლესია არაერთი წელია, აქტიურად გამოთქვამს თავის მკვეთრ პოზიციას ამ ტერიტორიაზე საქართველოს საზღვრებისა და ქართული მონასტრების ბედის თაობაზე.
„ეკლესია 15 წელია ცდილობს, სახელმწიფოს დაანახოს პრობლემის მნიშვნელობა, ყოველ ღონეს ხმარობს მის მოსაგვარებლად და მაქსიმალურად იყენებს ყველა ტრიბუნას, რათა მართებული ინფორმაცია მიაწოდოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე საერთაშორისო საზოგადოებას", - ნათქვამია განცხადებაში.
დღევანდელი შეხვედრის უმთავრესი საკითხი შეეხო იმ ახალ გარემოებებსა და რუკებს, რომელთა არსებობაც საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი.
საპატრიარქოს ინფორმაციით, „მნიშვნელოვანია, რომ ამ გარემოებებისა და რუკების, კერძოდ, 1938 წლის რუკის, შესახებ ეკლესია წლებია მიუთითებდა საზღვრის დამდგენ კომისიას და ამ საკითხზე მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს. საზოგადოებისათვის უკვე კარგადაა ცნობილი, რომ ხელშეკრულება, რომელიც ორმხრივად იყო ხელმოწერილი როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის მიერ, საზღვრის დადგენის საფუძვლად ამ რუკას გულისხმობს.
ადრეც არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ საზღვრის დადგენაზე მომუშავე ჯგუფმა საერთოდ არ იხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ხოლო მისი რამდენიმე წლის წინ მოპოვებული ასლები ავთენტურად არ მიიჩნია.
შედეგად კომისიამ ხელი მოაწერა სასაზღვრო ზოლის განსაზღვრის ისეთ ოქმს, რომლის საფუძველზეც ამჟამად აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ჩიჩხიტურსა და უდაბნოს მონასტრის ტერიტორიას აკონტროლებენ.
დღეს კი დადგინდა ახალი გარემოებები, მოპოვებულ იქნა ამ რუკების დედნები ყველა აუცილებელი ნიშნით, რაც მის ავთენტურობას უეჭველს ხდის. შესაბამისად, ჩნდება შესაძლებლობა და აუცილებლობა, რომ ამ კარტოგრაფიული დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდეს 2006-2007 წლებში ხელმოწერილი კომისიის ოქმების გადახედვა".
როგორც საპატრიარქო აცხადებს, კითხვაზე, თუ რატომ ერევა საქართველოს ეკლესია ასე აქტიურად გარეჯის საკითხის გადაწყვეტაში, პასუხი მარტივია – დავით გარეჯის ლავრა და აქ მდებარე მონასტრები საქართველოს კუთვნილ მიწაზე მდებარეობს, ჩვენი ქვეყნის სიწმინდეს წარმოადგენს. საპატრიარქო აღნიშნავს, რომ აღნიშნული მონასტრები იურიდიულად საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა: „შესაბამისად, ეკლესიის პირდაპირი ვალდებულებაა მათზე ზრუნვა და დაცვა, ეს არც დღეს დაწყებულა და არც დასრულდება, ეკლესია ვერ გაჩერდება, ვიდრე საკითხი სასიკეთოდ არ გადაწყდება".
აზერბაიჯან-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის საქმეზე სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.
რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."
ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?
ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია
პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა