ჯაღმაიძის თქმით, ხელოვნურია საქართველო-აზერბაიჯანის საქმის დაკავშირება საარჩევნო პროცესთან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრების საქმიანობას აფასებს.

„კომისიამ სავარაუდოდ გასავლელი საზღვარი დააფიქსირა და აზერბაიჯანის მხარემ დაიწყო კომისიის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილებების შესაბამისად ქმედება და დადგნენ იქ, სადაც ამას ვარაუდობდა კომისია. ახლა საუბარი, რომ შეცდომაში შევიდნენ ძალიან ძნელია, რადგან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენი მონასტრები რჩება საზღვრის იქითკენ, ამიტომ ასეთ საქციელს სხვა ვერაფერს ვუწოდებთ გარდა მოღალატეობრივი ქცევისა“, – ჯაღმაიძის კომენტარს „პირველი არხი“ აქვეყნებს.

როგორც დეკანოზი ამბობს, პარადოქსი არის ის, რომ აზერბაიჯანული მხარე ამ რეალობას გაცილებით უფრო გაგებით და კონსტრუქციულად ხვდება, ვიდრე საქართველოს ზოგიერთი მოქალაქე. „აზერბაიჯანის მხარე ამას ალბათ საქმიანად მიუდგება. ახალ ფაქტობრივ მდგომარეობას კომისია ერთობლივად გადახედავს. ეს არის დოკუმენტაცია, რომლის ეჭვქვეშ დაყენებაც წარმოუდგენელია“, – აღნიშნავს ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, საქმე წინასაარჩევნოდ წამოწიეს თუ არა, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს: „ძალიან მნიშვნელოვანია თანმიმდევრობის თვალის მიდევნება, რის შემდეგ რა ხდებოდა. ფაქტობრივად გარეჯის ლავრის ბერების აქტიურობამ საპატრიარქოსთან ერთად და მთლიანად ეკლესიის აქტიურობამ გამოიღო ის შედეგი, რომ სახელმწიფო მაღალი რანგის წარმომადგენლები ჩადგნენ საქმის კურსში და არ დარჩა ეს ვიწრო ჯგუფის განსახილველი თემა. მათ გაიგეს, რაშია საქმე და პრობლემა, მოისმინეს ეს და დღეს როდესაც სახელმწიფო ამაზე რეაგირებს, არის შედეგი ქმედებებისა, რომელსაც ეკლესია ახორციელებდა ბოლო 15 წლის განმავლობაში. ძალიან ხელოვნურია დაკავშირება საარჩევნო ან მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე პროცესებთან. განცხადებები კეთდებოდა წლების განმავლობაში. ყოველთვე ვიმეორებდი და აღვწერდი, თუ რაიმე ცვლილება იყო“.

სახელმიწიფო კომისიის ყოფილი წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. მელაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსია, ხოლო ილიჩოვა საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი.

რადიო თავისუფლებამ ივერი მელაშვილთან ინტერვიუ 3 ოქტომბერს ჩაწერა, მას შემდეგ, რაც ის პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. მელაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია."

ასევე ნახეთ: დავით გარეჯი: საქართველოს სასარგებლოდ თუ საზიანოდ?

ივერი მელაშვილი: ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა ცუდი ადგილია

პროკურატურა: საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთები ჩვენს საზიანოდ შეთანხმდა