ცერცვაძის თქმით, 2-3 კვირაში საქართველოში დიდი ალბათობით ხელმისაწვდომი იქნება „რემდესივირი“

თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ COVID - 19-ის სამკურნალო საშუალებების შესახებ ილაპარაკა.

„2-3 კვირაში საქართველოში, დიდი ალბათობით, ხელმისაწვდომი იქნება დღეისთვის არსებული ორი ყველაზე იმედისმომცემი საშუალება – „რემდესივირი“ და მონოკლონური ანტისხეულები. თუმცა, ჯერ მათი გარანტირებული ეფექტურობა დადასტურებული არ არის“, – თქვა ცერცვაძემ.

იმუნოლოგის განმარტებით, მონოკლონური ანტისხეულები ცნობილია, რომ სხვადასხვა დაავადებების დროს გამოიყენება. „ეს არის ანტისხეული, რომელიც აბსოლუტური სიზუსტით ჯდება სამიზნეზე და ანადგურებს მას. მონოკლონური ანტისხეულები „COVID-ის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილია და მისი დანიშნულებაა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილი ვირუსი გაანეიტრალოს. ამ მონოკლონური ანტისხეულების გამოცდა დაიწყო აშშ-ში და რამდენიმე წამყვან ქვეყანაში, ამ დარგის წამყვანი ლიდერის, ენტონი ფაუჩის პირდაპირი რეკომენდაციით, საქართველოს მიეცა რეკომენდაცია და საშუალება, რომ იყოს ამ მონოკლონური ანტისხეულების კლინიკური გამოცდის მონაწილე ქვეყნებს შორის. ახლა მიმდინარეობს ონლაინტრენინგები, როგორ გამოვიყენოთ ეს მონოკლონური ანტისხეულები, შემდეგ მოგვაწვდიან და ესეც 2-3 კვირაში, ვფიქრობ ხელმისაწვდომი იქნება", - ამბობს კლინიცისტი.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 9 245 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 4 887, გარდაიცვალა 58 ადამიანი.